საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 7-9 მარტის აქციებზე გაწეული სამუშაოსთვის შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილის თქმით, პოლიციამ „სუფთად ჩაატარა“ ოპერაცია და „არავინ დაშავებულა“.
საუბარია თბილისში გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე, რომელთა მონაწილეებიც პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აქციების დაშლის მაგალითებიც მოიყვანა და თქვა, რომ საქართველოში თვალს ვერ დახუჭავენ მათ მიმართ, ვინც „პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა.“
„როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენ, ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ, არავინ არ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და დღეს გვეუბნებიან, რომ "მოლოტოვის კოქტეილს" რომ ისვრის ვიღაცა ანარქისტი, ანარქისტები და ქვებს რომ უშენენ პოლიციას, თურმე ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება, კანონი აღსრულდება ყველას მიმართ. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე და ჩვენ არავის უსამართლოდ არ დავსჯით, არ დაგვისჯია და არც არავინ დაისჯება, ეს მინდოდა რომ მეთქვა. ჩვენ გვჭირდება ახლა დამშვიდება, საზოგადოებას სჭირდება მშვიდობა, სიწყნარე, მეტი სამუშაო ადგილები და სიკეთეები, რაც ჩამოვთვალე, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, მეტი პროექტების მშენებლობა და მეტი განვითარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 3 აპრილს, მთავრობის სხდომაზე.
ინფორმაცია აქციებზე დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ფრაგმენტულია - შსს ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში დაშავდა 58 პოლიციელი, სამოქალაქო პირების დაშავების შესახებ კი რადიო თავისუფლება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისგან უშედეგოდ ცდილობს ინფორმაციის მიღებას.
55 წლის ზაზა ბიღიაშვილს 7 მარტს აქციაზე ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმელის ნასროლი, სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თავში. მას ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ექიმებმა ვერ შეძლეს მარჯვენა თვალში მისთვის მხედველობის შენარჩუნება. ზაზა ამ დრომდე ელოდება, რომ სახელმწიფო დაინახავს მის ტრავმას და კომპენსაციას შესთავაზებს ან "ბოდიშს მაინც მოიხდის" მშვიდობიან დემონსტრანტთან ძალის გადამეტების გამო. ზაზა ბიღიაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე 133 ბრალდებულიდან ზოგიერთის სასამართლო პროცესი ჯერაც არ გამართულა, მათ უმეტესობას კი, ვინც უკვე წარდგა სასამართლოს წინაშე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების დაუმორჩილებლობისთვის 2000-ლარიანი და მეტი ოდენობის ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.
აღკვეთის სახით 31 მარტს პატიმრობა შეეფარდა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება. ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით, 31 მარტსა და 1 აპრილს თბილისში ორი აქცია გაიმართა.
- პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
- საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.