Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს მოუწოდებენ სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობის წევრებს


საილუსტრაციო ფოტო. "უცხოეთის აგენტების" კანონის მოწინააღმდეგეები საქართველოს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე. 2023 წლის მარტი
საილუსტრაციო ფოტო. "უცხოეთის აგენტების" კანონის მოწინააღმდეგეები საქართველოს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე. 2023 წლის მარტი

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მთავრობისადმი მკაცრი პოლიტიკისა და სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. დღეს ამერიკულ გამოცემაში, Foreign Affairs, გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: „რუსეთი საქართველოში იმარჯვებს“, რომლის ავტორები არიან სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.

მათი შეფასებით, მოსკოვის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა ქმნის რუსეთის მსგავს ავტორიტარულ სახელმწიფოს და სანამ საქართველოს ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“ მართავენ, ევროკავშირში საქართველოს შესვლა წარმოუდგენელია. სტატიაში საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ოფიციალურად არანაირი თანამდებობა აღარ უკავია და რუსეთთან ეკონომიკური კავშირები შენარჩუნებული აქვს, ქვეყანას ისევ მართავს და შიშობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრება საფრთხეს შეუქმნის ინსტიტუტებსა და მთავრობაზე მის ძალაუფლებას.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოზე რუსეთის გავლენის შესასუსტებლად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას და მიიღონ ზომები ივანიშვილის და ნებისმიერი ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ბიძინა ივანიშვილი შეიყვანონ დასავლეთის სანქციების სიაში და სანქციები დაუწესონ საქართველოს მთავრობის წევრებსაც.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ფრენსის ფუკუიამას და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის სტატია გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს სასამართლო სისტემის 4 წარმომადგენელს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

XS
SM
MD
LG