Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედია, წარმოადგენთ მტკიცებულებებს ან გადახედავთ გადაწყვეტილებას - დარჩიაშვილის წერილი ბლინკენს


ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, წერილით მიმართავს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების საკითხზე და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილების გადახედვის ან მტკიცებულებების წარდგენის "იმედს გამოთქვამს".

ბლინკენისადმი მიწერილ წერილში დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში, მოსამართლეების სანქცირება "სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და მის საქმიანობაში უხეშ ჩარევად" იქნება აღქმული.

"სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს", - ნათქვამია წერილში, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სწერს.

წერილში ილია დარჩიაშვილი ასევე მიმოიხილავს, რა მდგომარეობაში იყო სასამართლო სისტემა წინა ხელისუფლების დროს და რა მოხდა "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ:

"სასამართლო პროკურატურის დანაყოფად და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ მორიგ რგოლად იყო ქცეული, 99 პროცენტს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი, გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე, ელიტური კორუფცია მოიცავდა როგორც სასამართლოს, ისე სხვა სფეროებსაც, ხელისუფლება ჩადიოდა სისტემურ დანაშაულს...

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ციხეებში პატიმრების რაოდენობა 2,5-ჯერ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი - 10-ჯერ შემცირდა...".

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სწერს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შემცირებულია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმეების განხილვა:

"2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 4000-მდე საჩივარს. 2023 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელია."

წერილში დარჩიაშვილი ისევ წინა ხელისუფლებაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ "სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები" მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ ყოფილან სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უმტკიცებს, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა, რისი დასტურიცაა სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება.

ილია დარჩიაშვილი წერილში ასევე საუბრობს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ ის არის "სასამართლო სისტემის კრიტიკოსების არაობიექტურობის ნათელი მაგალითი".

"გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ პირიქით, სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის მხრიდან საქმის მოსამართლის მისამართით „განხორციელებული უსაფუძვლო მედია შეტევები შეიძლება განხილული იყოს როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შეუფერებელი მცდელობა და აღნიშნულმა შეტევებმა, ზოგადად, წვლილი შეიძლება შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვაში“.

"გვინდა შეგახსენოთ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები", - წერს დარჩიაშვილი.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხებათ არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება.

ელჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".

XS
SM
MD
LG