Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოშიმა და საკამოტო - ტაბუ გადალახულია


„ტაბუ“ (1999, იაპონია-საფრანგეთი, რეჟისორი ნაგისა ოშიმა)

ლეგენდარული მუსიკოსის, რიუიჩი საკამოტოს გარდაცვალება კინოს სამყაროსთვის ერთი, ძალიან ძლიერი ხმის დაკარგვაა. ფეისბუკში ვიღაც წერდა „დადუმდა კინოეკრანიო“. ეს არაა გადაჭარბება. კინომუსიკა კიდევ იარსებებს, მაგრამ, საეჭვოა, საკამოტოს შემცვლელი გამოუჩნდეს.

მნიშვნელოვანია ალბათ ის, რომ რიუიჩიმ მუსიკა ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტში შეისწავლა. იქ, სადაც, ტრადიციულად, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ეთნიკური მუსიკის კვლევას. ახალგაზრდობაშივე გადალახა ერთგვარი „კუნძულის კომპლექსი“ და დაიწყო ფიქრი იმ საერთოზე, რაც განსხვავებულ კულტურებს აერთიანებთ. თუმცა ამასაც არ დასჯერდა და შეეცადა საერთო დაენახა ერთმანეთთან თითქოს დაპირისპირებულ მუსიკალურ ჟანრებში. ხაზს ვუსვამ - „საერთო დაენახა“ და არა მათ ხელოვნურ გაერთიანებაზე ემუშავა, როგორც ამას დღეს ბევრი აკეთებს. პოპმუსიკისა და მასკულტურის სივრცეში შეღწევა ნეოკლასიკოსისთვის სარისკო გადაწყვეტილება იყო. მაგრამ როცა ეს ნაბიჯი გადადგა, გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, მან უკვე იცოდა, რა არის ის ხმა, ის ბგერა, რომელიც ყველას და ყველაფერს ამთლიანებს... რომელიც ერთნაირი ძალით გაისმის როგორც „მაღალ“, ასევე „მდაბალ“ კულტურაში.

ცხადია, ასეთი კაცი კინოში უნდა მოსულიყო. ცხადია, ასეთი იაპონელი ოდესმე უნდა შეხვედროდა თავის თანამემამულეს, რომელმაც იაპონურ კულტურას მთლიანად ჩამოაცილა ეგზოტიკური მომხიბვლელობა და მსოფლიო ხელოვნების ნაწილად წარმოგვიდგინა.

იღბალმა რიუიჩი ნაგისა ოშიმას შეახვედრა. საუნდტრეკი ფილმისთვის „შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს“ ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება კინომუსიკის ისტორიაში. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ოშიმას და საკამოტოს შემოქმედებითი დუეტის მწვერვალი მაინც იაპონელი რეჟისორის უკანასკნელი ფილმი „ტაბუა“ - მშვენიერება, რომლითაც დაგვირგვინდა მეოცე საუკუნის კინო და ოშიმას შემოქმედება. რეჟისორი „ტაბუს“ მძიმედ ავადმყოფი, მწვავე ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის დროს იღებდა. სავარძელზე მიჯაჭვულს გაუჭირდებოდა ძვირადღირებული ისტორიული ფილმის გადაღება - მასობრივი სცენებითა და თვალისმომჭრელი კოსტიუმებით. არადა ამბავი, რომელიც „ტაბუში“ თამაშდება, რეალური ისტორია იაპონელი სამურაების რაზმზე 1865 წლის იაპონიაში, უბრალოდ მოითხოვდა დასავლეთში პოპულარულ ეგზოტიკურ სანახობას, ე.წ. კიმონოს ეფექტით. ოშიმას ამის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც სურვილი.

ჯერ კიდევ ავადმყოფობამდე ოშიმა წერდა, რომ ეროვნული კინოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ადგილობრივი რეჟისორები განთავისუფლდნენ „იაპონური მომხიბვლელობისგან“ და ექსპორტისთვის მუშაობის ცდუნებისგან. ამომავალი მზე იაპონიის დროშაზე მას არაერთ ფილმში გაუქილიკებია, როგორც დასავლეთის მიერ ატაცებული კულტურული კლიშე (და არა როგორც ეროვნული დროშა). აქ, „ტაბუში“ ზუსტად ასეთ როლს ასრულებს აყვავებული საკურა ფილმის ფინალში. მისი მოჭრა სწორედაც რომ ეგზოტიზაციისგან იაპონური კულტურის განთავისუფლების სურვილია. ძლიერი, ღონიერი, სუპერმამაკაცური სამურაები „ტაბუში“ გეებად იქცნენ? მაშ, ახლა ჯერი კულტურულ კლიშეებზეა, რომლებზეც უარის თქმა მტკივნეულია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს - თუ გინდა განვითარდე, სიყალბედ გადაქცეული მშვენიერება უნდა გაანადგურო.

ოშიმას ფილმი აღადგენს იაპონიას სამურაების საბოლოო დამარცხებამდე ერთი წლით ადრე. „ტაბუში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ ქვეყანაში აბსოლუტური მონარქია დამყარდება. ახალგაზრდა იმპერატორი სამშობლოს გამოიყვანს იზოლაციონიზმისგან და „ღმერთების დაისი“ დასრულდება. სამურაების ჩაკეტილი სისტემა, რომლის ამოცანა პატრიარქალური რეჟიმის დაცვა იყო, მყისიერად დაემხობა, როცა დაირღვევა კოდექსი და სამურაების ამ „ულტრამამაკაცურ გარემოში“ ძლიერი ვნება შეაღწევს.

მანამდე კი სამურაების რაზმში გამოჩნდება ანგელოზის ნიღბით შემოსილი დემონი, 17 წლის სოძააბურო კანო, რომლის სილამაზე გონებას დაუკარგავს აქაურ ვაჟკაცებს. მაყურებელი ხვდება, რომ ოშიმა არსებითად იმეორებს პაზოლინის „თეორემის“ ისტორიას. თუმცა თუკი „თეორემაში“ პაზოლინის სამიზნე ბურჟუაზია იყო, „ტაბუში“ იხრწნება პატრიარქალური სისტემა, რომლის ყველაზე ძლევამოსილი მტერი სწორედაც რომ ეროტიკაა.

ნაგისა ოშიმა სხვა ფილმებშიც იკვლევდა უკონტროლო სექსუალობას, რომელიც მოულოდნელად იღვიძებს ხოლმე რეპრესირებულ გასამხედროებულ გარემოში. პოლიტიკა და სექსი, ძალაუფლება და სექსუალობა ის თემაა, რომელმაც არავინ დატოვა გულგრილი ამ რეჟისორის შემოქმედების ყველაზე სკანდალური ფილმის, „გრძნობათა იმპერიის“ პრემიერის შემდეგ. ცენზურას, რომელმაც ყველა დროის შედევრს „უხამსი“ უწოდა, „გრძნობათა იმპერიის“ ავტორმა ასე უპასუხა: „უხამსობა ის კი არაა, რაც ღიაა და დაუფარავი. უხამსობა ისაა, რაც დამალულია“.

სამყაროში, რომელიც აღწერილია „ტაბუში“, ყველაფერი დამალულია. მართალია, სამურაებში გავრცელებული „ეროტიკული პედაგოგიკა“, მასწავლებლის და მოსწავლის სიყვარული ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა („სიუდო“), ოშიმას ფილმის გმირებისთვის თეთრებში გამოწყობილი „სიკვდილის მაცნე“ (თეთრი აქ გლოვის ფერია), სოძააბურო კანო, უზარმაზარი ცდუნებაა, რომელმაც სამურაების სამყაროში დამკვიდრებული სოციალური ტაბუ უნდა გაანადგუროს. სამურაის „ღირსების კოდექსში“ ფაქტობრივად განდევნილია სიყვარული, როგორც სისუსტე. სიყვარულს მოჰყვება ეჭვიანობა. ეს კი იმოქმედებს დისციპლინასა და მამაკაცურ ღირსებაზე დაფუძნებულ სისტემაზე. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ კანო აქ, უბრალოდ, შეგზავნილია, რათა სამურაების ერთიანობა შიგნიდან დაშალოს. ასე გადაიქცევა სექსუალობა ისტორიის მექანიზმად. თანაც ისე, რომ აბსოლუტურად უხილავი დარჩება. იდუმალებით მოცული ჩაკეტილი გარემო შიგნიდან აუცილებლად გაიხრწნება, როცა აქედან სიცოცხლის, ბიოლოგიის, ბუნებრივის განდევნას დაიწყებენ. თუმცა ამ შემთხვევაში ცვლილების მიზეზი ისტორიისთვის შესაძლებელია გამოცანად დარჩეს. ზუსტად იმ გამოცანად, რომელსაც ნაგისა ოშიმა ქმნის.

„ტაბუ“ ნამდვილი ფორმალური მარგალიტია, ყოველგვარი ჰიპერსტილიზაციის გარეშე. ნაგისა ოშიმა დისტანცირების ოსტატია. ფილმი მიძოგუტის სტუდიის პროდუქციაა და ჰგავს იაპონური კინოს კლასიკოსის ნამუშევრებს, მათთვის დამახასიათებელი გრძელი, სტატიკური, სიმეტრიული კადრებით (რასაც ოშიმა უწინ თავად ხშირად აკრიტიკებდა). ორთაბრძოლის სცენები სიბნელეში, შუაღამესაა გადაღებული, რათა საბრძოლო თავგადასავლებმა ყურადღება არ გაგიფანტოთ. ამ განტვირთულობაში ყველაფერი, რაც ხვდება კადრში, პოეზიად იქცევა - წვიმის პირველი წვეთების სილამაზე, თოვლის ფიფქები, გათენება და მზის ჩასვლა. ზოგიერთ პეიზაჟში გამოსახულება და ფონოგრამა ერთი მთლიანობა ხდება. ოშიმა და საკამოტო აქ უკვე ერთიანი ძალით გვაოცებენ.

თუკი „ტაბუს“ მოძებნა გაგიჭირდათ ინტერნეტში, შეგიძლიათ იუტუბზე შეხვიდეთ და ფილმის საუნდტრეკი მოისმინოთ. გარწმუნებთ, ეს მუსიკა ყველაფერთან ერთად ოშიმას ფილმის დაუვიწყარ იერსახეებსაც აღგიდგენთ.

აღმოსავლურ მოტივებს საკამოტო ხშირად იყენებდა კინოში. მაგალითად, ბერნარდო ბერტოლუჩის „პატარა ბუდაში“ მუსიკალური ფონი ინდურ რაგაზეა აგებული. მაგრამ „ტაბუში“ რიუიჩი ფაქტობრივად უარს ამბობს ტრადიციულ იაპონურ მუსიკაზე (რომელიც არაერთხელ მოგვისმენია სამურაებზე გადაღებულ ფილმებში) და მთლიანად „საკუთარ პარტიტურას“ ეყრდნობა. ქმნის განწყობას, მაგრამ ილუსტრაციასაც ერიდება. მუსიკა ხშირად წყდება, მაგრამ ფილმის მთავარი მუსიკალური მოტივი სიჩუმეშიც კი „ჟღერს ყურში“. ზოგჯერ მგონია, „ტაბუ“ რომ დავაფასოთ, უნდა ვუყუროთ ამ კინოს, როგორც ქორეოგრაფიას, როგორც ბალეტს, რომელიც რაღა თქმა უნდა ვერ იარსებებს მუსიკის გარეშე. მუსიკალური თემა, რომელიც გამუდმებით ისმის სხვადასხვა ტონალობაში, ადვილი დასამახსოვრებელია და ხშირად მეორდება. მაგრამ საკამოტოს ხელში ჯადოსნურ იერს იძენს - არ გინდა, რომ დასრულდეს, გინდა, რომ გამუდმებით ჟღერდეს! ალბათ იმიტომ, რომ სულ იცვლება გამოსახულებასთან ერთად. აქ უკვე ძნელია გაერკვე, რა არის მთავარი - მუსიკა გარდაქმნის კადრს, თუ კადრი ცვლის ტონალობას.

ამას რომ გაიაზრებ, ხვდები, რომ „ტაბუ“ არის მინიმალიზმი, რომლის იქით უკვე აღარაფერია. არც გამოსახულებაში, არც ხმაში. სიცარიელე, „თეთრი კვადრატი“, რომლითაც ოშიმა ასრულებს თავის შემოქმედებას და, რაც მთავარია, მეოცე საუკუნის კინოს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG