Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს არის შანსი, აღმოიფხვრას კორუფციის ბრალდებები სასამართლო სისტემაში - დეგნანი მოსამართლეების სანქციებზე


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

თითქმის ორ საათს გაგრძელდა პარლამენტის შენობაში საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი გააკეთა კელი დეგნანმა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სასამართლო სისტემის რეფორმისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხები, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად:

„ყოველთვის ძალიან საჭირო და სასარგებლოა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან იმ საკითხებზე, რაზეც ერთად ვმუშაობთ. დღეს ჩვენ მოვედით, რათა გვესაუბრა, თუ რა გზები არსებობს იმისთვის, რომ აშშ-მ მხარი დაუჭიროს პარლამენტს, რათა გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის ორი პრიორიტეტი იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის უნდა შეასრულოს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო დეკემბერში პოზიტიურ შედეგს მიიღებს. მაგრამ ვიცით, რომ კვლავ ძალიან ბევრია გასაკეთებელი“.

კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და იმის თაობაზე, ხომ არ შეუშლის ეს სანქციები საქართველოს ხელს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, რაზეც კელი დეგნანმა უპასუხა, რომ ეს არის შანსი საქართველოსთვის, აღმოიფხვრას კორუფციის ბრალდებები სასამართლო სისტემაში:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, რადგან ეს არის შესაძლებლობა, რომ აღმოიფხვრას კორუფციის ბრალდებები სასამართლო სისტემაში, ეს არის შესაძლებლობა, რომ მოხდეს ხელისუფლების ნაბიჯების დემონსტრირება კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რათა ჩამოაყალიბოს ნამდვილად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართულ დემოკრატიის სამიტზე საქართველომ, სხვა ასზე მეტ ქვეყანასთან ერთად, აიღო ვალდებულება, რომ გააგრძელებენ კორუფციასთან ბრძოლას, ბრძოლას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემისთვის, იმ პრიორიტეტებისთვის, რომლებიც ასე საჭიროა ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რომ უპასუხოს კორუფციის ბრალდებებს და გადადგას ნიშანდობლივი ნაბიჯები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემისთვის“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.

მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მან ელჩისგან ვერ მოისმინა ვერცერთი კონკრეტული მიზეზი, თუ რის გამო დაუწესა ამერიკამ ქართველ მოსამართლეებს სავიზო სანქციები:

შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

„სხვადასხვა საკითხზე გვქონდა საუბარი, უბრალოდ, ეს თემა ახალია და ამაზეც ვისაუბრეთ. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ეს არ არის სანქცია და ეს არის სავიზო შეზღუდვა და ეს იყო ენობრივი თარგმანის შეცდომა და, სავარაუდოდ, დიდი განსხვავებაც არ არის, თუმცა, ტერმინი სანქცია, ალბათ, აქ არ გამოიყენება. ასევე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია ძირითადად საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. ანუ არაფერი რაიმე დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესაში თუ სხვადასხვა კვლევაში, ის, რაც ყველამ ჩვენ ვიცით. თუმცა, სპეციფიკურად, რომელი ესა თუ ის ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია, ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება, მართალია, თვითონ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, მაგრამ ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყის მიწებება, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პარტნიორები ასე არ იქცევიან“.

5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:

  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს;
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას;
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.

აშშ-ს საელჩომ საქართველოში განმარტა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედ თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობისგან მტკიცებულებები მოითხოვა.

XS
SM
MD
LG