Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა გაახანგრძლივა რუსეთთან შეთანხმება ბუნებრივი აირის დამატებითი იმპორტის შესახებ


პეტერ სიიარტო (მარჯვნივ) და ალექსეი ლიხაჩოვი. მოსკოვი, 11 აპრილი, 2023.
პეტერ სიიარტო (მარჯვნივ) და ალექსეი ლიხაჩოვი. მოსკოვი, 11 აპრილი, 2023.

უნგრეთმა გააგრძელა რუსეთთან შეთანხმება ბუნებრივი აირის დამატებითი იმპორტის შესახებ. ამის თაობაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა მოსკოვში ვიზიტისა და რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან მოლაპარაკებების შემდეგ.

სიიარტოს თქმით, გაზის მიწოდება ძირითადად განხორციელდება გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მეშვეობით.

შარშან ზაფხულში სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი „გაზპრომს“ მოელაპარაკა, რომ სექტემბრიდან ის რუსული მხარისგან დამატებით მიიღებდა დღეში ექვს მილიონამდე კუბურ მეტრ გაზს. მანამდე უნგრეთი რუსეთისგან დღეში ორ-ნახევარ მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებდა.

დღევანდელი ვიზიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, გარკვეული თანხის ზევით ანგარიშსწორება გადაავადონ საწვავზე ფასების ექსტრემალური ზრდის შემთხვევაში.

უნგრეთის ბუნებრივი აირის იმპორტის 85%-ს რუსეთიდან ახორციელებს, ამიტომ მისი უწყვეტობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, აღნიშნა სიიარტომ.

უნგრელმა მინისტრმა ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა რუსული ნავთობის უკრაინის გავლით, ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით, ევროპაში ტრანზიტის საკითხი. ახლა უნგრეთი პირდაპირ უკრაინასთან აწარმოებს ანგარიშსწორებას.

გარდა ამისა, სიიარტო შეხვდა რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი ლიხაჩოვს, და მოლაპარაკებები გამართა უნგრეთში ატომური ელექტროსადგური „პაკშ-2“-ის მშენებლობის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანონ, რათა პროექტთან დაკავშირებულ პროცესებზე არ გავრცელდეს დასავლეთის სანქციები.

უნგრეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჯერაც აქვთ კონტრაქტები მოსკოვთან და მის მოკავშირეებთან, მათ შორის - ბელარუსთან.

XS
SM
MD
LG