Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველთა ისტორიული სათვისტომო ლევილში მუზეუმის შექმნის პროცესს აკრიტიკებს


ოთარ ზურაბიშვილი, საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი
ოთარ ზურაბიშვილი, საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი

ოთარ ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ძმა და საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი, ფეისბუკზე ასაჯაროებს კულტურის მინისტრისთვის მიწერილ წერილს. წერილში ის ქართველთა ისტორიული სათვისტომოს სახელით პროტესტს გამოთქვამს ლევილის მამულში მუზეუმის მოწყობის პროცესთან დაკავშირებით. ლევილის მამულში მუზეუმის მოწყობის იდეა კულტურის სამინისტროს ეკუთვნის და როგორც ოთარ ზურაბიშვილი წერს, პროცესი სათვისტომოს ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. წერილი 12 აპრილით თარიღდება.

"როგორც ჩვენი ასოციაციისათვის, ასევე მთელი ქართული საზოგადოსათვის ლევილის შატო, მისი წარსული და მომავალი, განსაკუთრებული ინტერესისა და ღელვის საგანია.
6 წელზე მეტია, რაც ჩვენი სათვისტომო ლევილის მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში შედის და მის სხდომებში იღებს მონაწილეობას.

ამიტომ, განცვიფრებული ვართ, რომ სოციალური ქსელების საშუალებით შევიტყვეთ ცნობა, თქვენი სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანებულების ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გამოქვეყნების შესახებ, რომელიც ადასტურებდა მუზეუმის სივრცის კონცეპციის მონაწილეთა პასუხისმგებელი ჯგუფის შექმნას. ამ ინფორმაციას, რომელიც 3 აპრილს ფეისბუქის გვერდზე იქნა განთავსებული, მმართველ კომიტეტთან არავითარი კონსულტაცია არ უძღოდა წინ! შემდეგ კი, 6 აპრილს ეროვნული მუზეუმის ფეისბუქის ახალმა ბმულმა გვაცნობა ლევილის მუზეუმში დირექტორის მოადგილის დანიშვნის შესახებ", - წერს ოთარ ზურაბიშვილი და ჩამოთვლის იმ საკითხებს, რაც სათვისტომოს აღფოთებას და წუხილს იწვევს:

  • სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა, რომლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყოველგვარი ინფორმაციისა და მმართველ კომიტეტთან კონსულტაციის გარეშე.
  • ამ მომავალი სააზროვნო ჯგუფიდან საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ჩამოცილება, ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას და, მასთან ერთად, 70 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გამოჩენილი მოღვაწეების მთელ პლეადას ისტორიულ წონას უკარგავს.
  • სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი ჯგუფის ობიექტის შემოფარგვლა მუზეუმის სივრცის კონცეფციით, რომელიც, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად განსხვავდება 2016 წელს გამოქვეყნებული თავდაპირველი განკარგულებიდან.
  • ტიერი ბერიშვილის დანიშვნა, რომლის არჩევანი და დანიშვნის პროცედურები ძალიან სადავოა.
  • ამ უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაუმჭვირვალობა ფინანსურ გაუმჭვირვალობას უტოლდება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვითხოვე, გამოეგზავნათ განხორციელებული ოპერაციებისა და ვალდებულებების ფინანსური ხარჯთაღრიცხვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხდომაზე გაკეთებული ეს მოთხოვნა არცერთ ოქმში არ არის შეტანილი.

"შორს ვართ რა ქართული „ვილა მედიჩის“ ამბიციისგან, ოდა და სუვენირების გაყიდვა, გამოხატავს ჩვენი ქვეყნის რედუქციულ და პროვინციული ხედვას, რაც შორსაა ევროპისკენ მიმავალი თანამედროვე საქართველოს იმ იმიჯისგან, რომლის პოპულარიზაციაც ჩვენ გვინდოდა", - წერს ოთარ ზურაბიშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ მინისტრი მის კითხვებს უპასუხებს და სიტუაციის ნორმალიზებას შეეცდება.

ლევილის მამულში ქართულ-ფრანგული ურთიერთობების მუზეუმის იდეის გაჟღერებას სამინისტროს მხრიდან წინ უძღოდა საზოგადოების მიერ გამოთქმული კრიტიკა ლევილის მამულის მძიმე მდგომარეობის გამო.

სამინისტრომ ლევილის მუზეუმი იმ მუზეუმთა ჯგუფს დაუქვემდებარა, რომელსაც მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი, ნიკა ახალბედაშვილი ხელმძღვანელობს. ამ ჯგუფში შედიან ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის მუზეუმი.

ახალი მუზეუმისათვის შექმნილი კონცეფციის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ასეთია:

  • ტიერი ბერიშვილი - ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარე, პირველი რესპუბლიკის კვლევის ცენტრის, ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელი;
  • ლევან თაქთაქიშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე;
  • ირაკლი იაკობაშვილი - საქართველოს პარლამენტის არქივის ხელმძღვანელი;
  • ოთარ ჯანელიძე - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოლოგიისა და ისტორიის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
  • ვახტანგ ცინცაძე - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის თბილისის სექტორის ხელმძღვანელი;
  • დიმიტრი სილაქაძე - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების სპეციალისტი;
  • სტივენ ჯონსი - პროფესორი, ისტორიკოსი, საქართველოს თანამედროვე ისტორიის, ქართული სოციალ-დემოკრატიისა და პირველი რესპუბლიკის სპეციალისტი;
  • კრისტინ ფაღავა-ბულე - ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი.

ლევილის ისტორიული მამული საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას 2016 წელს გადაეცა. 2016 წლის 21 ივლისს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა განკარგულება (№1456), რომელსაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს. დოკუმენტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, სამუშაოებისთვის და მასზე ზედამხედველობისთვის 2017-2026 წლების განმავლობაში ჯამში 5 000 000 ევრო გაეთვალისწინებინა შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას.

ლევილის მამული საგარეო საქმეთა სამინისტრომ მართვაში კულტურის სამინისტროს 2021 წლის 27 ივნისს გადასცა. რა დაუჯდება სამინისტროს მამულში მუზეუმის მოწყობა, ამის შესახებ ინფორმაცია არც სამინისტროს გაუვრცელებია და არც ღია წყაროებში იძებნება.

XS
SM
MD
LG