Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელჩი საფრანგეთში ლევილის მამულზე: გასაკეთებელი, მისახედი და მოსავლელია, არავინ დავობს


საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი ფეისბუკპოსტით ეხმაურება ლევილის მამულის შესახებ ბოლო კვირაში სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებს. გოჩა ჯავახიშვილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლევილის შატო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს საუბარს იმაზეც, რა კეთდება ბოლო წლებში მის გადასარჩენად. ელჩი აქცენტს აკეთებს საქართველოს მთავრობის მცდელობაზე, მოწესრიგდეს როგორც ლევილის მამულის ეზო და ბაღი, ასევე გადარჩეს იქ შენახული წიგნები, გაზეთები და სხვა ტიპის დოკუმენტაცია. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად ფრანგულმა ბიუროკრატიამ შეაფერხა.

"როცა საქართველოს 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, მოლაპარაკებების რთული და ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მამული და ეს უკვე ავარიული შენობა გადმოეცა, არ არსებობდა არავითარი ტექნიკური დოკუმენტაცია. მოგეხსენებათ ნებისმიერი რეაბილიტაციისათვის რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი (აზომვითი ნახაზების ანუ გეომეტრიული, ნიადაგის სიმკვრივის-გეოლოგიური, ფიტოსანიტარული-3 ჰექტარზე მეტი მოცულობის პარკისთვის, აზბესტის, ტყვიის შემადგენლობის და აშ). ამ ყველაფრის გაკეთება, დაკვეთა რეალიზება და შემდეგ დოსიეების შედგენა მოუწია საქართველოს საკუთარი ხარჯებით. ალბათ წარმოგიდგენიათ ფრანგული ბიუროკრატიული ადმინისტრაციული პროცედურები და ვადები. მხოლოდ ლევილის გენ. გეგმაში ცვლილებების შეტანას დაჭირდა თითქმის 2 წელი. რადგან ლევილის მუნიციპალიტეტს მთლიანად აკრძალულ ზონად ჰქონდა გამოცხადებული მამულის მთელი ტერიტორია და ვერანაირ რეაბილიტაციას ვერ დავიწყებდით ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გარეშე. ახლა, როცა ლევილის რეაბილიტაციის საქმეში დინამიკა გაჩნდა და რეალურად იწყება მამულისა და შატოს რეაბილიტაცია, მხოლოდ არეული სხვენის ჩვენება მთლიან ობიექტურ სურათს ამახინჯებს", - წერს გოჩა ჯავახიშვილი და აღნიშნავს, რომ სხვენის სურათებზე ძირს დაყრილი და დაზიანებული ბეჭდური მასალა ნაკლებ ღირებული მემკვიდრეობაა. მისი მტკიცებით, წიგნები, პერიოდიკა, ფირები, წერილები და სხვა საარქივო დოკუმენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად შატოს უკან, ბიბლიოთეკის შენობაში უსაფრთხოდ არის განთავსებული, ნაწილი კი საქართველოშია გამოგზავნილი.

გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ასეა განთავსებული ლევილის მამულის ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის არქივი
გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ასეა განთავსებული ლევილის მამულის ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის არქივი

გოჩა ჯავახიშვილი განმარტავს იმასაც, რატომ არის შატოს სხვენში უწესრიგოდ მიყრილი წიგნების დიდი რაოდენობა - მისი თქმით, ეს სხვენი, შატოს საქართველოსთვის გადმოცემამდეც, ერთგვარ საწყობად გამოიყენებოდა და მერეც, როცა შატო უკვე საქართველოს გადმოეცა, აქ ამოჰქონდათ ოჯახებს პირადი ნივთები და წიგნები, რომლებსაც სხვენში უწესრიგოდ ტოვებდნენ.

"ძალიან გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია, ამის აღნიშვნა და შეხსენებაც კარგია, მაგრამ ფოკუსის მხოლოდ მტვრიან და მოუწესრიგებელზე მიტანა და დანარჩენზე, რაც გაკეთდა ან კეთდება ამისი არ ხსენება არ არის კარგი. ბიბლიოთეკა ნახეთ რა დღეშიაო - ეს არ არის სწორი, როცა სხვენი არც ბიბლიოთეკაა და არც სხვენიდან რემონტის დაწყება იქნებოდა გამართლებული. პრიორიტეტები სწორედ ამ მიზნით დაისახა, რომ გადაგვერჩინა, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა. კოვიდის პანდემიას სრულად რომ არ გაეჩერებინა პროცესი წელიწადნახევარი, ახლა, მერწმუნეთ სხვა სურათი დაგხვდებოდათ. არაფერს ვიტყოდი, რომ არ ვიცოდე როგორი გულით ეკიდება ამ საქმეს, მამულის ამჟამინდელი მმართველი კულტურის სამინისტრო. მარტივი როდია დისტანციურად მართო და მოაწესრიგო ყველა საკითხი და დეტალი, საქმე კი ბევრი კეთდება, რაც ვერც კადრში მოხვდა და არც სიტყვა თქმულა. 5,6 მილიონი ევრო გამოყო ქვეყანამ, რომელსაც შიგნითაც ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და ნელ ნელა პროექტი წინ მიდის. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ჯუნგლებად ქცეული, სრულიად გაუვალი პარკი, გაისხლა, გამოიხშირა ექსპერტების მიერ დასახული გეგმის მიხედვით, და ალეებად მოწესრიგდა, ლამაზად, გასეირნება გესიამოვნებათ.

გასაკეთებელი, მისახედი და მოსავლელია მამული, არავინ დაობს. ბევრი საქმე გვაქვს წინ, ძალიან ბევრი", - წერს საქართველოს ელჩი საფრანგეთში და აქვეყნებს ფოტოებს იმის დასტურად, რომ ლევილის მამულის ცალკეული შენობები მოვლილია.

გოჩა ჯავახიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩად 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს დაინიშნა. წინა წლებში ის იყო საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი და კულტურის მოქმედ მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად შედიოდა ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში.

ელჩის ფეისბუკპოსტის ფონია სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა, რომლებშიც ჩანს ლევილის მამულის მიტოვებული შენობები და უწესრიგოდ მიყრილი, დაზიანებული ნივთები. კულტურის სამინისტრომ ამ ფოტო და ვიდეომასალას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა.

ლევილის ისტორიული მამული საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას 2016 წელს გადაეცა. 2016 წლის 21 ივლისს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა განკარგულება (№1456), რომელსაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს. დოკუმენტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, სამუშაოებისთვის და მასზე ზედამხედველობისთვის 2017-2026 წლების განმავლობაში ჯამში 5 000 000 ევრო გაეთვალისწინებინა შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას.

ლევილის მამული საგარეო საქმეთა სამინისტრომ მართვაში კულტურის სამინისტროს 2021 წლის 27 ივნისს გადასცა.

XS
SM
MD
LG