Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი-თბილისის რეისის გამოჩენას "ვნუკოვოს" აეროპორტი ტექნიკური მიზეზით ხსნის


18 აპრილიდან მოსკოვსა და თბილისს შორის ყოველდღიური პირდაპირი ავიარეისების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - "ვნუკოვოს" - საიტზე აღარ იძებნება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს იყო ტექნიკური გაუმართაობით შექმნილი პრობლემა.

"ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება ტაბლოზე. ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად", - აცხადებენ აეროპორტში, რომლის ვებგვერდზეც ფრენების აღდგენაზე ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული.

დაახლოებით ორი საათის წინ [16:30 საათზე] რადიო თავისუფლებას "ვნუკოვოს" აეროპორტის ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისს ყოველდღიურად შეასრულებდა, 18 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე.

ფოტო "ვნუკოვოს" აეროპორტის ვებგვერდიდან
ფოტო "ვნუკოვოს" აეროპორტის ვებგვერდიდან

Georgian Airways-ის საიტზე ინფორმაცია საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ არ იძებნებოდა. ვებგვერდის მონაცემებით, მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები მხოლოდ ერევნის გავლით სრულდება.

რადიო თავისუფლებამ შეძლო კომპანიის დირექტორის მოადგილესთან, რობერტ ოგანესიანთან დაკავშირება, რომელმაც თქვა, რომ "საქმის კურსში არ არის". სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, უწყებაში, რომელიც ფრენებზე ნებართვას გასცემს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, როცა უკვე ხელმისაწვდომი იყო "ვნუკოვოს" აეროპორტის განმარტება.

"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება...

ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს", - წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უწყების განცხადების შემდეგ მიმართვა გაავრცელა კომპანია Georgian Airways-მაც. განცხადებაში არ არის დადასტურებული ინფორმაცია პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

"მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით", - წერია Georgian Airways-ის ფეისბუკგვერდზე.

პირველად ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ თავის ტელეგრამ-არხზე გაავრცელა ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა - მან ჯერ დაწერა, რომ ამ ცნობას ფლობს ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, შემდეგ კი "ვნუკოვოს" აეროპორტის განრიგი გამოაქვეყნა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები უცვლელია - მათი აზრით, პირდაპირი ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ საკითხზე ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრი - ის არ ეთანხმება მმართველი პარტიის პოზიციას.

XS
SM
MD
LG