წელს, 9 მაისს რუსეთში არ ჩაატარებენ ტრადიციულ მსვლელობას „უკვდავი პოლკი“. ამავე სახელწოდების საზოგადოებრივი მოძრაობის თანათავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა ელენა ცუნაევამ დღეს, 18 აპრილს, სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „საფრთხის“ გამო, რუსეთის ზოგიერთმა რეგიონმა, მათ შორის „ყირიმის რესპუბლიკამ“ უარი თქვა „უკვდავ პოლკზე“, გადაწყვიტეს, რომ მსვლელობები არც სხვაგან იქნება, რადგან ეს „საერთო, განუყოფელი ისტორიაა“.
ცუნაევას თქმით, მსურველებს სთავაზობენ, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ნათესავების ფოტოები 9 მაისს გამოაქვეყნონ მოძრაობის საიტზე და სოციალურ ქსელებში, გამოფინონ ავტომანქანებზე და ა.შ. კრემლის მიერ კონტროლირებულ კიდევ ერთ სააგენტოს, „ინტერფაქსს“ საზოგადოებრივი მოძრაობის პრესმდივანმა ოლგა ბაიბულოვამ დაუდასტურა, რომ ტრადიციული მსვლელობა „უკვდავი პოლკი“ წელს არ ჩატარდება.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა 12 აპრილს განაცხადა, რომ "უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე", წელს, 9 მაისს არ ჩატარდება არც გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი და არც მსვლელობა "უკვდავი პოლკი".
- რუსეთში 11 წლის წინ დაარსებული და კრემლის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობა "უკვდავი პოლკი" ყოველ 9 მაისს, რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მართავს მსვლელობებს "დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად".
- 2020 და 2021 წლებში, კორონავირუსის პანდემიის გამო, აქცია ონლაინ ჩატარდა.
- 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიუხედავად, რუსეთმა მსვლელობა "უკვდავი პოლკი" ჩაატარა, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.