Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო კომისიის შექმნის ხელშეშლა სასამართლო კლანის მხარდაჭერაა - მართლმსაჯულების კოალიცია


ქართველი მოსამართლეები, რომლებსაც აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა
ქართველი მოსამართლეები, რომლებსაც აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა

"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ხელშეშლას "კლანის მხარდაჭერის" გამოხატვად აფასებს. კოალიციის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს და რეგისტრაციის გავლაზე უარით, ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

"ე.წ. სოლიდარობის აქტი სინამდვილეში სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის - კლანის მხარდაჭერის გამოხატვაა. ამასთან, ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების მიერ ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს...

ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება”, სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს, უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია", - წერია ერთობლივ განცხადებაში.

დღეს, 19 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ არ გაიარა რეგისტრაცია, რომელიც აუცილებელი იყო მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შესაქმნელად. რეგისტრაციის დაწყებამდე დეპუტატებს მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

"კოლეგებო, ჩვენ ისევ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს და აქედან გამომდინარე, დღესაც, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას", - თქვა კობახიძემ.

მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი კომისიის საკითხის კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს, რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

მმართველი პარტია წინააღმდეგია პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც მოსამართლეთა საქმიანობას შეისწავლის.

"ამ წარმოუდგენელ ამბავს არ გაგატანინებთ", - თქვა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინდელ, 18 აპრილის, პლენარულ სხდომაზე, როცა საპარლამენტო უმრავლესობამ იმავე მიზეზით ასევე არ გაიარა რეგისტრაცია.

მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის იდეა საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მათ ერთიანი პოზიცია აქვთ.

"[კომისია] შეისწავლის სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სისტემურად მიუდგება ამ პრობლემებს. გთავაზობთ როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას, ამ კომისიაში ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც არაერთი განცხადება გაკეთდა. სანქციებს, რომელიც აშშ-მა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს", - თქვა 18 აპრილის სხდომაზე საკითხის წარდგენისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

XS
SM
MD
LG