Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა ვლადიმირ კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა


განაჩენის გამოცხადების შემდეგ კარა-მურზამ წარმოთქვა ოპოზიციის ლოზუნგი - "რუსეთი თავისუფალი იქნება"
განაჩენის გამოცხადების შემდეგ კარა-მურზამ წარმოთქვა ოპოზიციის ლოზუნგი - "რუსეთი თავისუფალი იქნება"

ევროპარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერ ვლადიმირ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს. იმავე რეზოლუციით, ევროპარლამენტარებმა დაგმეს ალექსეი ნავალნის პატიმრობის გაგრძელება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და მისი გათავისუფლებაც მოითხოვეს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები გმობენ "რუსეთის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ესკალაციას და ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს მთავრობის კრიტიკოსების, უფლებადამცველებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ." ცალკე ევროპარლამენტი მოუწოდებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს რუსეთში "პოლიტიკური ოპონენტების არაადამიანური პატიმრობის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები."

გასულ კვირაში ჟურნალისტ ვლადიმირ კარა-მურზას - რუსეთის და ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეს და კრემლის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსს - მოსკოვში 25 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, სამშობლოს ღალატის და სხვა ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც თავად ჟურნალისტი უარყოფს. სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, გადაწყვეტილებას ასევე მოჰყვა მისი გათავისუფლების მოწოდებები.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ კარა-მურზამ, რომელიც, ჟურნალისტების თქმით, შუშის საკანში თითქმის გაუნძრევლად იჯდა, წარმოთქვა ოპოზიციის ლოზუნგი - "რუსეთი თავისუფალი იქნება".

კარა-მურზა 2022 წლის აპრილში დააკავეს, როცა უცხოეთიდან რუსეთში დაბრუნდა. ის ერთ-ერთია ოპოზიციის აქტივისტებს, ჟურნალისტებს და სხვა პირებს შორის, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებაზე კრემლის მზარდი ზეწოლის პირობებში დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG