Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკროტი ქართულად


ავტორი: ლუკა ოქროპირაშვილი

საქართველო ის ქვეყანაა სადაც:

ბუზებზე მეტს ადამიანები ბზუიან, ანუ თავს ყბედობით ირთობენ და აკავებენ, გამეფებულ უმოქმედობაში და უძრაობაში ჩაფლულ-ჩამარხულნი

ღვთისმშობლის კალთას გადაფარებულმა ქართველმა, წილხვედრი მადლი ჩამოიბერტყა და მას სული შეჰბერა

ღმერთის სახელით უყვართ … სიძულვილის ენით

კარგის, ღირსეულის და კეთილის ნაცვლად, შავვბნელობა და ბოროტება ზეიმობს საბოლოო გამარჯვებას

სანთელს ანთებენ და ბნელს აღვიძებენ

ზარები რეკენ ყრუებისთვის, მზე ამობრძანდება და ჩაბრძანდება, მთვარე ცის ტილოზე ამოიჭრება და თავს მოიწონებს მოკიაფე ვარსკვლავებთან, მხოლოდ და მხოლოდ ბრმად მოხეტიალე ცოცხალმკვდრებისათვის

ძაღლების მსგავსად, ადამიანებიც კი გაცოფებულნი უყეფენ ერთმანეთს

თვალებს ხუჭავენ და თავებს ღრმად, ქვიშის ორმოში მარხავენ

სისასტიკემ, დაუნდობლობამ და რევანშიზმა, მოწყალება და შემწყნარებლობა, ყველასგან მივიწყებულ, ღირებულებათა ფერფლში ჩაწვა და ჩააქრო

სიყვარულს თესენ და სიძულვილს იმკიან

ადამიანები, ბოტებმა და ტროლებმა ჩაანაცვლეს

არათავისუფალი, ცრუ თავისუფლება ბატონობს

კომფორტს თუ ნუგეშს, დაუბრუნებელი წარსულის მოგონებით, შესაბამისად, აწმყოს და მომავლის ტკივილის, ანესთეზიური გაყუჩებით და შემსუბუქებით იღებენ

ზურგს აქცევენ, ხელს კრავენ, ტალახის სასროლად თითს იშვერენ და მიზანში იღებენ განსხავეულს, განწირულს გათელვისთვის, გარიყვისთვის და დამცირებისთვის

მშობლები არ იცნობენ საკუთარ შვილებს, შვილები კი საკუთარ მშობლებს

სკოლა არა საგანმანათლებლო ტაძარი და კერა, არამედ თავშესაფარია. საკლასო ოთახები ცარიელი, ციხის საკნები გადაჭედილი, ბირჟების და მეტადონის პროგრამის რიგები კი გრძელი და მზარდია

ნამდვილ და სამაგალითო პროფესიონალზე მეტი, არაპროფესიონალი “პროფესიონალია”

გადასახადის გადამხდელები, გადასახადებს არ იხდიან, იტყუებიან, იპარავენ და იმალებიან

მიზანი ამართლებს საშუალებებს

ღარიბი ფულიანების ჰეგემონიაა შეჭირვებულ მოსახლეობაზე

საზოგადოებას ვერ გამოურკვევია, რომ აპოლიტიკური კი არა, აპარტიულია

სამართალი არც ერთი და არც ჭეშმარიტია

კანონი მხოლოდ იმისთვის კანონობს, რომ იკანონოს არაკანონიერი “კანონიერებისათვის”

დაუწერელი წესებიც კი დასაწერია

მისალმება და ღიმილი იშვიათია

პურს გატეხენ, მშვიდობის და ღმერთის სადღეგრძელოს შესვამენ, ერთმანეთს ერთგულებას შეჰფიცავენ, დანით ხელში კი იმავე მოყვასს უკანმოუხედავად განმგმირავენ

პერიოდულად, გაიბრძოლებენ დემოკრატიის და მოდერნიზაციის გზაზე - ესეც ეფემერული და არაეფექტურია. მალევე, ეს ახმაურებული შინაგანი პროტესტის ხმა და ანთებული ეროვნული ენერგია წინააღმდეგობის ძალას შეეჩეხება და მინელდება.

ქართული საზოგადოებისთვის, დასავლური ღირებულებების და იდეალების ერთგულება და კონსესუსის საფუძველზე კონსტრუქციულ და გრძელვადიან, საშვილთაშვილისო პროცესში (ბრძოლაში) აქტიურად ჩაბმა, არაპოპულარული და არაკომფორტული არჩევანია

გაიძახიან მოქმედებაო და არ იძვრიან. ბოლოს, სრული გაჩერებით ასრულებენ. თავდახრილი და მსხვერპლივით მოსაწყლებული ხალხი, აბსოლუტური უფსკრულისკენ, მიმზიდველი, მაგრამ გამანადგურებელი შავი ხვრელისკენ მიექანება, თანაც შემაშფოთებლად სწრაფი ტემპებით.

საღი აზრი შავ დღეებს ითვლის და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები სანთლით საძებნელნი გამხდარან

გათითოკაცებულნი ლიდერობისკენ მიისწრაფვიან, მაგრამ ნამდვილ ლიდერზე მეტი, ფსევდო ლიდერია

ერთმანეთს სიჩუმისკენ და მდუმარებისკენ მოუწოდებენ (გაუგიათ, რომ კედლებსაც ყურები აქვს)

კოლექტიური კონფორმიზმი დასადგურებულა და საქვეყნო ინტერესებზე მაღლა, ინდივიდუალური კეთილდღეობა დაუყენებიათ, თვითკმაყოფილ, შინაგან ამბიციებზე, მოთხოვნილებებზე და სურვილებზე დამოკიდებულ-დამონებულ, რეტროგრად, უპასუხისმგებლო და არასრულფასოვან საზოგადოების წევრებს

ადამიანი, ადამიანურ ღირსებებს და ღირებულებებს შემოტყავებული, გასაგნებული და განივთებულია

კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული ფუნდამენტალური, ბუნებრივი უფლებები, ჯიბეში ჩადებული და მოპარულ-წართმეულია

ერთიანდებიან ერთ შეკრულ მუშტად და სხეულად, საპასუხოდ კი ტყვიებს და მომწამვლელ შხაპს იღებენ

მხატვრები ფერების გარეშე მხატვრობენ. ორკესტრი ცარიელ დარბაზში ხმაურობს, დირიჟორი კი ძებნაშია. მწერლები უმკითხველოდ დარჩენილი წიგნების წერას აგრძელებენ. თეატრის ზვირთივით მძიმე და მტვრიანი რკინის ფარდა ბოლოჯერ დაეშვა

აზრი მოეკითხება ყველას, მაგრამ უსმენენ არავის - არსად და არასდროს

პრიმიტიული ნაივიზმით გადიდკაცებულებს, სხვა რაღა დარჩენიათ თუ არა ის რომ, უცხო, დამკვირვებელ თვალში, თავი ქართული ადგილობრივი ბუნებით, ისტორიით და კულტურით წარმოადგინონ. ეს ყველაფერი მშვენირი და საამაყო ბატონო, მაგრამ ახლო წარსულში, თანამედროვე ცივილიზაციისთვის რა შევძელით ან რა შეგვიქმნია?

გმირები მოღალატის იარლიყით, გატეხილი და შელახული სახელით, დაუმსახურებლად, მოღალატის სიკვდილითვე ასრულებენ

ობიექტურობის, პრაგმატულობის, მომთხოვნი და კრიტიკული კითხვების დასმის, თანმიმდევრული და ლოგიკური ფიქრის, ეთიკურად ცხოვრების და კრეატიულად მოქმედების ნაცვლად, საერო ინფანტილიზმთან და ნიჰილიზმთან ვმარცხდებით

არსებული გულგრილობა და უპასუხისმგებლობაა, ის რაც მტრობს საზოგადოებას და ძირს უთხრის ქვეყნის ჯანსაღ და სწორ განვითარებას

ანგარიშვალდებულების, სოლიდარობის, ნდობის, თანადგომის და ერთიანობის ჯაჭვი, დაჟანგული და გაწყვეტილია

ხალხის ხასიათის სიმტკიცე და სიძლიერე, შეუპოვრობა და გამბედაობა - მსგავსი სიდიადეებით თავის მოწონება, დღეს ჩვენთვის უცნობი რამაა

თავისუფლების ქართულ იდეას წყალი შესდგომია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ეს საქართველოა!

ეს დიდი ქართული საყოველთაო შეთანხმებაა. პირი შევკარით, ჩვენივე ხელით ვაფორმებთ საქართველოს კაპიტულაციას. საქმე ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის ჩაბარების აქტი, ჩაბარებულს და ჩამბარებელსაც უპატრონოდ დატოვებს, სულ

მარტო, ისე როგორც არასდროს … არავინ, არავის და არაფერს. ამის მიუხედავად, ერთმანეთს ვუბიძგებთ და მოვუწოდებთ: წინ ქართული ეროვნული ბანკროტისკენ!

თუკი თავისუფლების და დემოკრატიის გადარჩენას დავისახავთ მიზნად, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალიც ის არის რომ ერთხელ არჩეულ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. მივაძინოთ ეს დაუოკებელი, ეგოისტური, არაჯანსაღი თვითინტერესები, საზოგადოების დამაბრმავებელი და შუაზე გამხლეჩი, შური და მტრობა. ამ ტოტალურ წყვდიადში დავიბრუნოთ საქვეყნო რწმენა, შეურყეველი ღირსება, ერთსულოვნება და უფრო მეტად მივენდოთ ჩვენი გონების გამჭრიახობას, საერთო ძალისხმევას, შემართებას და თავდადებას

ვინც კი დღეს თავისუფლებისთვის იბრძვის ან იბრძოლებს, იგი საბოლოო ჯამში მომავლის დაცვას ემსახურება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG