სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში, რუსეთის მიერ წუხელ განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტები მოხვდა ერთ მრავალსართულიან და ერთ კერძო სახლს.
ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სავარაუდოდ, გამოიყენეს С-300 ტიპის 4 რაკეტა. ნიკოლაევის ოლქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათიდან იყო გამოცხადებული.
- გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს დოკუმენტურად დადასტურებული აქვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილამდე დაიღუპა 8 572 და დაიჭრა 14 441 სამოქალაქო პირი.
- უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ოკუპირებული და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან ვერ ხერხდება ინფორმაციის დროულად მიღება და გადამოწმება.