Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ოპოზიციონერებმა ბერლინში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

მიხაილ ხოდორკოვსკი. 1 ნოემბერი, 2021 წელი
მიხაილ ხოდორკოვსკი. 1 ნოემბერი, 2021 წელი

რუსეთის ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, რომლებიც 29-30 აპრილს სათათბიროდ ბერლინში შეიკრიბნენ, ხელი მოაწერეს შეხვედრის შედეგების შესახებ დოკუმენტს, რომელსაც უწოდეს "რუსეთის დემოკრატიული ძალების დეკლარაცია“.

30 აპრილს, კვირას, საღამოს, დოკუმენტი გამოაქვეყნეს „ეხო მოსკვიმ“ და ოპოზიციონერმა ილია პონომარიოვმა. დეკლარაციაში რუსეთის ოპოზიციის „სტრატეგიულ მიზნებს“ შორის დასახელებულია „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტა და თავისუფალი, სამართლებრივი, ფედერაციული რუსეთის შექმნა“.

„ამისთვის საჭიროდ ვთვლით გავაძლიეროთ ჩვენი მოქმედების კოორდინაცია“, - წერია დოკუმენტში. დეკლარაციის პრინციპულ პოზიციებს შორის დასახელებულია რუსეთის ჯარის გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ლიკვიდაცია „პუტინის რეჟიმისა,“ რომელიც ტექსტში არალეგიტიმურად არის მოხსენიებული, იმპერიული პოლიტიკისთვის უარის თქმა, პოლიტპატიმრებისა და ომის ტყვეების განთავისუფლება.

„სოლიდარობას ვუცხადებთ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც საშინელი რეპრესიების მიუხედავად, ჰყოფნით სიმამაცე, გამოხატონ ანტიპუტინური და ანტისაომარი პოზიცია“, - წერია დეკლარაციაში.

დეკლარაციის ხელისმომწერთა სია არ გამოქვეყნებულა. „ეხო მოსკვის“ პუბლიკაციაში დასახელებულია რამდენიმე გვარი, რომელთა შორის არიან მიხაილ ხოდორკოვსკი, დმიტრი გუდკოვი, ევგენია ჩირიკოვა, ევგენი ჩიჩვარკინი. პონომარიოვმა განაცხადა, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერეს მისი ორგანიზაციის - „სახალხო დეპუტატთა ყრილობის“ - წევრებმა.

ბერლინის შეხვედრის ინიციატორები იყვნენ მიხაილ ხოდორკოვსკი და ემიგრაციაში მცხოვრები სხვა ოპოზიციონერები.

ალექსეი ნავალნის მომხრეები მასში არ მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG