Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვები, რომლებსაც 1 ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ - კანონპროექტი


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების შესახებ. კანონპროექტის თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

როგორც პროექტშია ნათქვამი, „სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად".

მამუკა მდინარაძის განმარტებით, მომავალში ეს თარიღი 31 დეკემბრამდე გადაიწევს. „1 ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების მშობლებს შეუძლიათ, შვილები დაარეგისტრირონ და შეიყვანონ სკოლებში. ეს თარიღი გახლდათ 16 სექტემბრამდე და ჩვენ ვცდილობთ ეტაპობრივად... ბუნებრივია, ერთბაშად ამ ნაკადს სასკოლო სისტემა ვერ გაუძლებს. ვცდილობთ, საბოლოო ჯამში მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ 31 დეკემბრამდე დაბადებულმა ბავშვებმა შეძლონ სკოლაში წასვლა. მთელი წლის განმავლობაში ექნებათ ეს შესაძლებლობა იმ წელს დაბადებულ ბავშვებს, რომლებსაც უსრულდებათ 6 წელი", - განმარტა მდინარაძემ.

2014 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 1 ოქტომბრამდე უსრულდება.

XS
SM
MD
LG