აშშ განაგრძობს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 1 მაისს ვაშინგტონში დაიწყო სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური დელეგაციების სამშვიდობო დიალოგი, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს.
1 მაისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ცალ-ცალკე შეხვდა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და არარატ მირზოიანს. იმავე დღეს, ჯორჯ შულცის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო ცენტრში დაიწყო სამშვიდობო დიალოგი სამივე ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით. სააგენტო "ტრენდის" ინფორმაციით, 1 მაისს გაიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების და მათი თანმხლები დელეგაციების ორმხრივი შეხვედრაც.
მოლაპარაკების პირველ დღეს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დიალოგია გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში მყარი მშვიდობის მისაღწევად.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახური სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ განხილული იყო რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარების პროცესი და აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დაბლოკვით შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების და სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხები.
აშშ-ს სჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობა შესაძლებელია. ამის შესახებ 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა. მისი თქმით, მშვიდობის მისაღწევად გადამწყვეტია დიპლომატია და პირდაპირი დიალოგი. შეკითხვას, რით იქნება განსხვავებული ვაშინგტონში დაწყებული დიალოგი წინა, წარუმატებელი შეხვედრებისგან, პატელმა უპასუხა, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გაუსწრონ.
23 აპრილს აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.
ბაქომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სომხეთი ამ გზას იყენებს ყარაბაღში სამხედრო ტვირთების გასაგზავნად. ამას უარყოფს ერევანი, რომელმაც აზერბაიჯანი დაადანაშაულა რუსეთის შუამავლობით 2020 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში.
- მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე განახლდა.
- 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".
- შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა.