Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა


ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია

ოცდაცამეტწლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა. მართალია, სერია-A-ს 2022-2023 წლების სეზონის დასრულებამდე ჯერ ხუთი ტური რჩება, მაგრამ ნეაპოლელებმა ოქროს მედლები უკვე გაინაღდეს. უახლოეს მდევართან ისედაც დიდი უპირატესობის მიუწვდომლამდე გასაზრდელად, „ნაპოლის“ დღეს „უდინეზესთან“ სტუმრად მატჩში ერთი ქულაც ჰყოფნიდა და თამაში სწორედ ფრედ დასრულდა - 1:1.

სტუმრებმა ჩემპიონობის მომტანი გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს და საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა კვარაცხელიამაც მიიღო - მისი დარტყმული ბურთი „უდინეზეს“ მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ვიქტორ ოსიმენმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

ვიქტორ ოსიმენი
ვიქტორ ოსიმენი

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ათი თვის წინ გადავიდა. იგი ძირითად შემადგენლობაში უმალ დამკვიდრდა და გუნდის ლიდერიც მალევე გახდა. მიმდინარე სეზონში, გასულ ოცდაცამეტ ტურში, ქართველმა შემტევმა თორმეტი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ გახდა და ამით იტალიის ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა - ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეთესოდ აქამდე არავინ დაუსახელებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG