ღია სივრცეში ძაღლის ალიკაპის ან საბლის გარეშე სეირნობისთვის ჯარიმები მკაცრდება. დაგეგმილი ცვლილების შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ისაუბრა. ინიციატივა დღეს, 8 მაისს, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
ბითაძის თქმით, კანონპროექტით ცვლილება შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლითაც ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე სეირნობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ძაღლის მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება.
"[არსებული კანონმდებლობით] ჯარიმა იმდენად მცირეა, ეს ვერ არის შემაკავებელი ფაქტორი მეპატრონეებისთვის იმისათვის, რომ ძაღლი ატარონ ალიკაპით ან საბელით. მოქმედი კანონმდებლობით, განსაზღვრულია ორი პირობა, რომ შინაური ბინადარი ცხოველი სასეირნოდ უნდა გავიყვანოთ ალიკაპით ან საბელით. ფაქტობრივად, 80% შემთხვევაში ამ პირობების დაცვა არ ხდება და ძალიან მოხშირდა მომართვა პარლამენტის მიმართ, რათა ეს საკითხი გადაწყდეს მანამ, სანამ ახალ კანონს მივიღებთ", - თქვა მაია ბითაძემ.
ამას გარდა, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი "შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვის შესახებ" ახალ კანონპროექტზე მუშაობს.