Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: 9 მაისის აღლუმი რუსეთის რეგულარული არმიის დამხმარეთა ხარჯზე ჩატარდა


სამხედრო აღლუმის მონაწილეები. მოსკოვი, 2023 წლის 9 მაისი
სამხედრო აღლუმის მონაწილეები. მოსკოვი, 2023 წლის 9 მაისი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულმა სამხედრო აღლუმმა აჩვენა ტექნიკური და სტრატეგიული პრობლემები, რომლებსაც რუსეთის არმია განიცდის უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 15 თვის შემდეგ.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, 9 მაისს გამართულ აღლუმში 8 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, აღლუმის მონაწილეთა უმრავლესობას შეადგენდნენ რეგულარული არმიის დამხმარე ფორმირებების წარმომადგენლები და კურსანტები.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის რეგულარული ჯარიდან აღლუმში მონაწილეობდა მხოლოდ სარკინიგზო ძალების და სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა ერთადერთი, ძველი ტანკი Т-34.

მიუხედავად უკრაინაში დიდი დანაკარგისა, რუსეთს აღლუმზე მეტი ჯავშანტექნიკის გამოყვანა შეეძლო, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა შიდა კრიტიკა იმის შესახებ, რომ ტექნიკა აღლუმზე იმყოფებოდა და არა ბრძოლის ველზე.

XS
SM
MD
LG