Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რამდენიმე რეგიონი დაიბომბა და დრონებით იერიშები განხორციელდა


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან ნასროლი რაკეტები ხარკოვში. 20 აგვისტო, 2022.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან ნასროლი რაკეტები ხარკოვში. 20 აგვისტო, 2022.

10 მაისს რუსეთის რამდენიმე რეგიონის წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი და დრონებით იერიშები განახორციელეს.

ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში საარტილერიო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

ვორონეჟის ოლქში სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე ორი დრონი აფეთქდა. ტელეგრამის არხის, Baza-ს ცნობით, დარტყმის შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

ტელეგრამის არხ ASTRA-ს თანახმად, 10 მაისს დილით კალუგის ოლქში, სოფელ მეხოვოსთან, ორი დრონი ჩამოაგდეს.

კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ სოფელ ტოლმაჩევოსთან უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებულია ერთ-ერთი სახლის გაზსადენი და ფასადი.

Telegram-ის არხი SHOT-ი ასევე იტყობინება დრონების თავდასხმის შესახებ ბელგოროდის რეგიონში. ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ჩამოაგდეს, მეორე კი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა და აფეთქდა. შეჯახებამ რამდენიმე შენობა დააზიანა. ტელეგრამის არხმა Mash-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 9 მაისს რამდენიმე დრონით სცადეს მოსკოვზე თავდასხმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოებიდან არანაირი ცნობა არ ყოფილა.

მანამდე, 9 მაისს, ბრიანსკის ოლქში, სოფელ კურკოვიჩის საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნეს. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა პასუხისმგებლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დააკისრა. ოფიციალური პირის თქმით, აფეთქების შედეგად შენობის ფანჯრები ჩაიმსხვრა და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. დაბომბვის დროს შენობაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. კიდევ ერთმა აფეთქებამ სპორტული მოედანი დააზიანა.

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონები - კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქები - რეგულარულად იბომბება, არის ნგრევა და მსხვერპლი. რეგიონული ხელისუფლება ამტკიცებს, რომ თავდასხმები უკრაინის მხრიდან ხორციელდება. კიევი ამ შეტყობინებებზე კომენტარს არ აკეთებს.

რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიებიდან რეგულარულად უშენენ ცეცხლს უკრაინის ტერიტორიას. კერძოდ სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებს.

XS
SM
MD
LG