Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა არ გამორიცხა, რომ აშშ-მა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ აღიაროს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. დელი, 2 მარტი, 2023.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. დელი, 2 მარტი, 2023.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა, რომ ვაშინგტონმა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ შეიძლება აღიაროს. ადრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიად ეწინააღმდეგებოდა ამ ზომას.

აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტში გამართული მოსმენისას რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა ბლინკენს ჰკითხა: "თქვენ ხომ არასოდეს შეიყვანთ რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში?" „არასოდეს თქვათ არასოდეს“, - თქვა ბლინკენმა საპასუხოდ, იუწყება CNN-ი.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა, რომ არ არის მზად, რუსეთი ტერორიზმის სპონსორად აღიაროს, როგორც ამას კონგრესის წევრები და უკრაინის ხელისუფლება მოითხოვდნენ. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ აღიარება მთლიანად შეაჩერებს რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას კრიტიკულ სფეროებში და შეიძლება პრობლემები შექმნას რუსეთთან სავაჭრო კავშირების მქონე ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობებში, როგორიცაა, მაგალითად, ინდოეთი.

ლინდსი გრემი ერთ-ერთი თანაავტორია კანონპროექტისა, რომელიც თეთრი სახლისგან ამგვარ აღიარებას მოითხოვს. თუმცა, ქვეყანაში საგარეო პოლიტიკა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელშია და კანონმდებლები ვერ აიძულებენ ბაიდენის ადმინისტრაციას, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

XS
SM
MD
LG