კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სრულად აღებულია დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლისთვისაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები.
ტელეგრამში გამოქვეყნებულ ექვსწუთიან ვიდეოში პრიგოჟინი ამბობს, რომ ქალაქი 20 მაისს შუადღისას აიღეს. „224 დღე გაგრძელდა ბახმუტის აღების ოპერაცია, ‘ბახმუტის ხორცსაკეპი’“, - თქვა „ვაგნერის“ დამფუძნებელმა.
„ვაგნერის“ მფლობელმა ასევე განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლებში მხოლოდ დაქირავებულები მონაწილეობდნენ, რეგულარული ქვედანაყოფების დახმარების გარეშე.
პრიგოჟინმა მადლობა გადაუხადა რუსეთის არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინს „რთული ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობისთვის“ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ჩვენი სამშობლოს დაცვის მაღალი პატივისთვის“. „ჩვენ ვიბრძოდით არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბახმუტში, ჩვენ ვიბრძოდით რუსულ ბიუროკრატიასთან,“ თქვა პრიგოჟინმა
პრიგოჟინმა თავის გამოსვლაში მკვეთრად ილაპარაკა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვზე. „ვაგნერის“ დამარსებლის ცნობით, მათ ომი საკუთარ გასართობად აქციეს.
უკრაინის მხარე უარყოფს რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის აღებას. „ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ ბახმუტში ბრძოლას,“ განუცხადა Reuters-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ.
ადრე პრიგოჟინმა არაერთხელ გააკეთა განცხადებები „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა მიერ ამა თუ იმ უკრაინული დასახლებების აღების შესახებ, რაც შემდგომში არ დადასტურებულა.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთის ჯარების სარდლობამ, დიდი ალბათობით, მინიმუმ რამდენიმე საბრძოლო ნაწილი გადაისროლა ბახმუტის მიმართულებით.
როგორც BBC შენიშნავს, როგორც ჩანს, ბახმუტის დაკავება კვლავ მთავარ ტაქტიკურ ამოცანად რჩება რუსეთის სარდლობისთვის, რადგან ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს, ფრონტზე „გარკვეული წარმატების შესახებ მაინც გამოაცხადოს“.
ბახმუტი უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ მონაკვეთად რჩება ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლით.
ქალაქისთვის ბრძოლები ცხრა თვეზე მეტ ხანს - გასული წლის აგვისტოდან - გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსეთის ძალებმა მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეს ქალაქის სრულად აღება.