მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს 20 მაისს, კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და კატეგორიულად გმობს იქ მიმდინარე პროცესების გაშუქებისას მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის წართმევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, სასტუმრო "ყვარლის ტბის" უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ტელევიზიის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
“TV პირველის” ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებმა მაუწყებლის ჯგუფს აპარატურა წაართვეს, კერძოდ, ვიდეო ოპერატორის ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც გადამღები ჯგუფი პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა. ტელევიზიის ცნობით, მიმდინარეობს საკომუნიკაციო არხების ჩახშობა, რათა შეიქმნას საინფორმაციო კომუნიკაციის შეფერხება:
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს პროტესტის თავისუფლად და უსაფრთხოდ გაშუქების საშუალება არ ეძლევათ. ძალადობასა და უკანონო ჩარევაზე სახელმწიფოს უმოქმედობისა თუ თავად ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის შედეგად, სახეზე გვაქვს უკვე დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.
19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმროში „ყვარლის ტბა“, ქმართან ერთად იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
20 მაისს, დილიდან, „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მსვლელობისას სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების დაკავების პარალელურად, ჟურნალისტები ლაპარაკობენ იმაზე, რომ მათ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას სამართალდამცავების მხრიდან ხელი ეშლებათ.