Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში 5 მიმართულებით 30-ზე მეტი შეტაკება იყო


რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე 22 მაისს განხორციელებული სარაკეტო შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობა და ტექნიკა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე 22 მაისს განხორციელებული სარაკეტო შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობა და ტექნიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, 22 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 20 სარაკეტო და 48 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 90-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქების ქალაქებზე, სადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ქალაქ დნიპროში სარაკეტო დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობა და ტექნიკა.

უკრაინის გენერალური შტაბის წინასწარი ინფორმაციით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 4 რუსული ფრთოსანი რაკეტა და 34 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოხდა 30-ზე მეტი შეტაკება. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.

20 მაისს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, ხოლო 21 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადეს, რომ არტიომოვსკის აღების ოპერაცია დასრულებულია და ქალაქი "მთლიანად გაათავისუფლეს". რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს. 21 მაისს, პრეზიდენტმა პუტინმა "ვაგნერელებს" და რუსეთის არმიის სამხედროებს "მიულოცა არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულება". უკრაინის ხელისუფლებას ბახმუტის დაკარგვა არ დაუდასტურებია.

  • რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებმა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" 2022 წლის აგვისტოდან დაიწყეს ინტენსიური შეტევა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
  • ბახმუტი, სადაც ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად დანგრეულია.
XS
SM
MD
LG