Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ WSJ-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა პატიმრობა


ევან გერშკოვიჩი მოსკოვის სასამართლოში. 18 აპრილი, 2023.
ევან გერშკოვიჩი მოსკოვის სასამართლოში. 18 აპრილი, 2023.

მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს, 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა პატიმრობა. სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ერთ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. გერშკოვიჩის დაკავების ვადა 29 მაისს ამოიწურა.

ტელეარხ „დოჟდის“ ცნობით, სასამართლოს დაესწრნენ ჟურნალისტის მშობლები, ელა მილმანი და მიხაილ გერშკოვიჩი, რომლებიც ამერიკიდან ჩავიდნენ მოსკოვში.

ევან გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავეს ეკატერინბურგში. მეორე დღეს მოსკოვის სასამართლომ იგი ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა. ფსბ ირწმუნება, რომ ის შეერთებული შტატების დაკვეთით საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა ერთ-ერთი რუსული სამხედრო-სამრეწველო საწარმოს შესახებ. ბრალდების დეტალები არ არის ცნობილი.

გერშკოვიჩმა დანაშაული არ აღიარა. Wall Street Journal-მა კატეგორიულად უარყო ბრალდებები ჯაშუშობის შესახებ და განაცხადა, რომ გერშკოვიჩი თავის სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა. კერძოდ, მან ეკატერინბურგის მაცხოვრებლები გამოჰკითხა იმ დანაკარგების შესახებ მათ რეაქციაზე, რასაც უკრაინაში განიცდის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსეთის მიერ „უმართებულოდ დაკავებულად“ აღიარა. ეს სტატუსი მძევლის სტატუსის ტოლფასია და ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, მის გასათავისუფლებლად გამოიყენოს დამატებითი მექანიზმები - კერძოდ, ამერიკის მოქალაქის გაცვლაზე აწარმოოს მოლაპარაკებები.

ჯაშუშობის ბრალდებით გერშკოვიჩს რუსეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG