Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელოს" წევრებმა პარლამენტის წინ ევროპის დროშა მიიტანეს


პარტია „ლელოს" წევრები პარლამენტის შენობასთან
პარტია „ლელოს" წევრები პარლამენტის შენობასთან

საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით. შარშანდელი წარწერის („ევროპისკენ") ადგილზე, წაიკითხავთ - „ეს დღე ჩვენია".

თბილისი. პარლამენტის შენობა. 24 მაისი, 2023 წელი
თბილისი. პარლამენტის შენობა. 24 მაისი, 2023 წელი

24 მაისს, გვიან ღამით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პარლამენტთან თავად მიიტანეს ევროპის დროშა.

„მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ქალაქში, სადაც კი 26 მაისს გავლენ საზეიმო ღონისძიებაზე, აუცილებლად თან იქონიონ ევროკავშირის დროშა... ასევე, საკუთარი აივნებიდან გადმოფინონ ევროკავშირის დროშა და აჩვენონ „ქართულ ოცნებას", რომ ჩვენ გაკეთებული გვაქვს უკვე არჩევანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ასახული“, - თქვა ირაკლი კუპრაძემ.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

XS
SM
MD
LG