Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიაში განმარტავენ, რატომ არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე 26 მაისის ღონისძიებას


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, 26 მაისს, თბილისში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას არ დასწრებია.

ღონისძიების მსვლელობის პარალელურად სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო აღბეჭდილი - ფოტოზე ირაკლი კობახიძე ირუჯებოდა, ვიდეოში კი სპორტულ დარბაზში იმყოფებოდა და არ პასუხობდა კითხვას, რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმს.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ჰკითხა, არსებობს თუ არა პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ ღონისძიებაზე სტუმრების მიწვევის წესს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მთავრობისგან განსხვავებით, ამ საკითხზე კომენტარი გააკეთეს მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რატომ არ იყო ირაკლი კობახიძე 26 მაისს თავისუფლების მოედანზე:

"დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილ საზეიმო ცერემონიალს ყოველთვის ესწრება ყველა უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირი!

ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს. წინა წელს, ან იმის წინა წელს რომ არ იყო იგივე ცერემონიაზე, მაშინ რატომ არ შეიმჩნიეს? სპორტდარბაზიდან და აუზიდან ფოტო ან ვიდეომასალა არ ჰქონდათ და იმიტომ?" - წერია პარტიის პრესსამსახურის თანამშრომლის, გიორგი გრძელიშვილის ფეისბუკის გვერდზე. ამავე პოსტში ის "უსამშობლოებს" უწოდებს მათ, ვინც დღეს ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა.

დამოუკიდებლობის დღის ცერემონიას დედაქალაქის თავისუფლების მოედანზე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 26 მაისის აღსანიშნავ მთავარ ღონისძიებაზე იყვნენ ასევე პარლამენტის წევრები, მაგალითად, ფრიდონ ინჯია და იაგო ხვიჩია, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები არიან.

ბოლო რამდენიმე წელია, ირაკლი კობახიძეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობა (მაგ. პარლამენტის თავმჯდომარე) აღარ უკავია - მან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 2019 წლის ივნისში დატოვა, ე.წ. გავრილოვის ღამის გამო განვითარებული მოვლენების შემდეგ.

დღეს 105 წელი გავიდა დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან - 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღისთვის თბილისში საზეიმოდაა მორთული რუსთაველის გამზირი. ღონისძიებები იმართება სხვა 15 ქალაქშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG