Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 მაისს იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში


თურქეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენი. რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ
თურქეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენი. რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ

თურქეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში კენჭს იყრიან მოქმედი პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა, არჩევნების წინასწარი შედეგები კი ცნობილი გახდება საღამოს 17:00 საათის შემდეგ, როცა საარჩევნო უბნები დაიხურება.

14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურამდე ჩატარებული გამოკითხვების უმეტესობა ოპოზიციის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხმების 49,5% მიიღო, ხოლო მისმა „რესპუბლიკურმა ალიანსმა“ წარმატებით დაიცვა თავისი უმრავლესობა პარლამენტში.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 44.89% მიიღო.

რამდენიმე გამოკითხვაზე დაფუძნებული მონაცემები აჩვენებს, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოანს და ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. ამავდროულად, თურქული კომპანიების მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. გამოცემა Hürriyet-ი იმოწმებს თურქეთის კვლევის ფონდის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ერდოანი კვლავ გახდება პრეზიდენტი, ხმების 53,7%-ით.

„სავარაუდოა, რომ პირველ ტურში სინან ოღანისთვის მიცემული ხმები (5%) შემდეგნაირად გადანაწილდება: 1,75% ერდოანს, 1,25% ქემალ ქილიჩდაროღლუს, დანარჩენი მერყევი ამომრჩევლები კი პროპორციულად გადანაწილდებიან”, - აზუსტებს Hürriyet-ი.

არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ქილიჩდაროღლუ ერდოანს დაახლოებით 2,5 მილიონი ხმით ჩამორჩა, თითქმის ამდენმა ადამიანმა მისცა ხმა მესამე ადგილზე გასულ სინან ოღანს.

თურქული კომპანია KONDA Research-ის მიერ ჩატარებული სხვა გამოკითხვის თანახმად, ერდოანი მეორე ტურში ხმების 52,7%-ით გაიმარჯვებს, ხოლო ქილიჩდაროღლუ 47,3%-ს მიიღებს.

პრეზიდენტი ერდოანი ამომრჩევლებს არჩეული კურსის გაგრძელებას, პენსიებისა და სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაზრდას ჰპირდება.

ქემალ ქილიჩდაროღლუ კი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება და ქვეყანა კვლავ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს დაუბრუნდება.

XS
SM
MD
LG