Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დრონებით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე


კიევზე დრონებით თავდასხმის შემდეგ. 28 მაისი, 2023 წელი
კიევზე დრონებით თავდასხმის შემდეგ. 28 მაისი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდასხმა, რომელიც რუსეთის არმიამ განახორციელა უკრაინაზე 28 მაისს, როცა კიევი ქალაქის დღეს აღნიშნავდა, დიდწილად მოგერიებულია.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე თავდასხმა ბოლო თვეების განმავლობაში, განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 28 მაისს.

კვირა ღამეს კიევი რუსული დრონების მასობრივი თავდასხმის სამიზნე გახდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-მდე უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოგდება მოახერხეს. დაიღუპა ერთი ადამიანი.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ ეს დრონებით ყველაზე მასიური თავდასხმა იყო დედაქალაქზე, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

თავდასხმისას გამოყენებული იყო „თვითმკვლელი დრონები“. უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა შენობები, გაჩნდა ხანძარი. რიგ შემთხვევებში, ხელისუფლების მონაცემებით, საქმე ეხებოდა დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენას.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, მთლიანობაში, კვირა ღამით, რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე "შაჰედის" ტიპის 54 დრონი გაუშვა. უკრაინის მხარის მტკიცებით, მათგან 52 ჩამოაგდეს.

კვირა ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის 12 რეგიონში, ვოლინიდან დნეპრამდე. გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებებზე ჟიტომირის, სუმსკის და ჩერკასკის ოლქებში. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ზუსტდება. ორი ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში, ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად.

"კიევი და ყველა ჩვენი ქალაქი, მთელი ჩვენი უკრაინა ბოლოს მოუღებს მოსკოვის დესპოტიზმის ისტორიას, რომელმაც ბევრი სხვადასხვა ხალხი დაიმონა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვის დროს ის არ იმყოფებოდა ოთახში, როგორც ჩვეულებრივ, არამედ საღამოს შუქზე იყო ქუჩაში, პრეზიდენტის ოფისის წინ, კიევში.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით, თითქმის მთლიანად მოიგერია რუსული უპილოტო საფრენი მოწყობილობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ, განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მოსკოვი კიევის დაბადების დღის ჩაშლას ცდილობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უპილოტო საფრენი მოწყობილობების თავდასხმის შესახებ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის უპილოტო საფრენი მოწყობილობები, რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, ცდილობდნენ ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმას, კრასნოდარის მხარეში. ყველა მათგანი, ხელისუფლების ცნობით, ჩამოგდებული იქნა, არავინ დაშავებულა.

უკრაინელ სამხედროებს ამ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

XS
SM
MD
LG