Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი


სენატორი ლინდსი გრემი კიევში. 2023 წლის 26 მაისი
სენატორი ლინდსი გრემი კიევში. 2023 წლის 26 მაისი

რუსეთის შსს-მ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ძებნილთა ბაზაში შეიყვანა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი. ამის შესახებ ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებიან რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები. კონკრეტულად რა დანაშაულისთვის ეძებენ სენატორ გრემს, მითითებული არ არის.

28 მაისს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამომძიებლებს, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის საფუძველზე, „რუსების მკვლელობის“ შესახებ ამერიკელი სენატორის „რუსოფობიური გამონათქვამების ფაქტზე“ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დაავალა.

26 მაისს, სენატორი ლინდსი გრემი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებულ, დამონტაჟებულ ვიდეოზე დაყრდნობით, რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, გრემმა განაცხადა, რომ რუსების სიკვდილი ამერიკის საუკეთესო ინვესტიციაა.

სააგენტო Reuters-მა უკრაინის პრეზიდენტის ოფისისგან მიღებული სრული, დაუმონტაჟებელი ჩანაწერის საფუძველზე დაადგინა, რომ ამერიკელი სენატორის მიერ ნათქვამ ორ ფრაზას „რუსები კვდებიან“ და „ფული ასე წარმატებით არასდროს დაგვიხარჯავს“, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. გრემის განცხადება აშშ-ის მიერ ფულის საუკეთესოდ ხარჯვის შესახებ, ეხებოდა უკრაინისთვის გაწეულ მრავალმილიარდიან სამხედრო დახმარებას.

XS
SM
MD
LG