Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება, ამ ყველაფერთან თანხვედრაშია მისი საოკუპაციო მიზნები - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე. იგი ამბობს, რომ ოკუპაციის მიზანი NATO-ს გაფართოების წინააღმდეგ ბრძოლას არ გამორიცხავს.

მდინარაძე "სპეკულაციურს" უწოდებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო ოპონენტების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

"ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილისგან გაიგეს, რომ თურმე რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და რომ თურმე ის იბრძვის ამ გაფართოების წინააღმდეგ. ანუ ეს გაუკვირდათ?! ეს ასე არ არის? დიახ, რუსეთს აღიზიანებს ნატოს გაფართოება და დიახ, იბრძვის ამის საწინააღმდეგოდ...

ამაზე აწყობენ ახლა რაღაც ლოგიკას, რომელიც იმდენად სპეკულაციურია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს და თან არავის დაავიწყდეს, რომ გვამუნათებენ ხოლმე და რაღაც სიტყვებს გვახსენებენ, სიტყვებს, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს სწრაფვა უნდა იყოს ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით", - ამბობს მამუკა მდინარაძე და ამატებს:

"რატომ გამორიცხავს ოკუპაციის მიზანი და NATO-ს გაფართოების წინააღმდეგ ბრძოლა ერთმანეთს?! საიდან მოგაქვთ ეს ნარატივი, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა, ოკუპაცია უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების გამორიცხავს რუსეთისთვის, შესაძლოა, კიდევ მეტად უპირატეს მიზანს, რომ ნატოს გაფართოება შეაფერხოს. დიახ, რუსეთს აღიზიანებს ნატოს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ და ამ ყველაფერთან თანხვედრაშია მისი საოკუპაციო მიზნები".

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მმართველი გუნდი ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე უარის თქმას ხომ არ აპირებს, დეპუტატმა ასე უპასუხა: "არა. ეს არის სპეკულაციური კითხვა, შეურაცხმყოფელიც კი".

უფრაქციო პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს იდენტურად, ისე როგორც საუბრობს კრემლი და რუსეთის ხელისუფლება.

"მე არ ვიქნები პირველი, ვინც ამას იტყვის. ძალიან ბევრი პარტნიორი გამოეხმაურა მის გზავნილებს გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, სადაც მან წარმოთქვა ის სიტყვები, რომელიც ნამდვილად საწინააღმდეგოა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის", - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს არჩეული აქვს გზა, ეს არის ევროინტეგრაცია და NATO:

"ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს ზუსტად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ ვერავითარი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ამ გზიდან ვერ გადაახვევინებს".

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ასევე კრემლის გზავნილებს ადარებს:

"დღევანდელო ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას აბრალებდა ომის დაწყებას, ახლა მათ რიტორიკაში ვხედავთ, რომ ახალი ანტიდასავლური გზავნილი შემოვიდა, სადაც ღარიბაშვილი, პრაქტიკულად, უკრაინაში ომის დაწყებას აბრალებს ნატოს და უკრაინის სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისკენ. ეს არის ძალიან ღია გზავნილი, რომ რამენაირად შეცვალონ ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც ამბობს, რომ სურთ ნატოში და ევროკავშირში. ეს არის ძალიან მიზანმიმართული, კრემლის მიერ წარმოებული ანტიდასავლური რიტორიკა".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.

დისკუსიის მოდერატორმა ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს?“, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„მგონი, რომ მიზეზი ყველამ იცის“.

ჟურნალისტი: „არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიცი“.

ღარიბაშვილი: „მგონი, რომ თქვენც კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა, არა? და ბევრი სხვა მიზეზი“.

ჟურნალისტი: „თქვენ თვლით, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკამ მოახდინა ომის პროვოცირება?“

ღარიბაშვილი: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს".

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG