Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირადი წერილი მამას


ავტორი: ინგა ღოღობერიძე

ძვირფასო მამა,

რადგან ჩვენი საუბრები ყოველთვის ცხარე კამათით სრულდება, გადავწყვიტე წერილი მოგწერო ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მინდა წაიკითხო და დაფიქრდე.

,,მამათა და შვილთა ბრძოლა“ ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაიწყო. მე თუ მკითხავ, ცუდი ამაში არაფერია. განვითარება და პროგრესი თუ გვინდა, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ,,ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“. ეს მჯობინება არ ნიშნავს იმას, რომ მე შენზე ჭკვიანი ან შენზე კარგი ადამიანი ვარ. უბრალოდ, მე შენგან განსხვავებულ გარემოში გავიზარდე, განსხვავებული გამოწვევები მქონდა და მაქვს.

შენ იმ ეპოქაში ჩამოყალიბდი პიროვნებად, ინდივიდად, როცა სიტყვა ,,ფემინიზმის“ მნიშვნელობაც კი არ იცოდით.. როცა ,,ქურდული სამყარო“ მისაღები და პატივსაცემი იყო. დაიბადე და გაიზარდე გარემოში, სადაც საკუთარი თავის გადასარჩენად ერთადერთ გზად სხვისი ჩაგვრა გესახებოდათ, სადაც სიტყვა ,,გეი“ საშიში, უცხო და შეურაცხმყოფელი იყო. სკოლაში გამოგონილ ისტორიებს გასწავლიდნენ, სექსს საკრალურ მოვლენად გისახავდნენ, ქალის ჩაგვრას ღირსებაში გითვლიდნენ. შენ დაიბადე გარემოში, სადაც საბჭოთა წესები, მისი გადმონაშთები ჯერ ისევ მძლავრად იყო ჩარჩენილი თქვენს ყოველდღიურობაში, ხოლო სალაპარაკო ენად რუსული მშობლიურივით გამოიყენებოდა.

მე საშინელ 90-იანებში დავიბადე, მაგრამ ორიათასიანებში გავიზარდე, ხოლო პიროვნებად ახლა, ამ წამებში ვყალიბდები: გარემოში, სადაც ნებისმიერ ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი. გარემოში, სადაც ქალები იბრძვიან, ლგბტქ+ საზოგადოება ღიად გამოდის. მე უფრო ახლოს ვარ დასავლეთთან, ვიდრე შენ ოდესმე ყოფილხარ. მე მეტი შესაძლებლობა მაქვს სწორ ადამიანად ჩამოყალიბების, ვიდრე შენ ოდესმე გქონია.

მინდა იცოდე, რომ ჩემი თვითმიზანი არ არის და არც არასდროს ყოფილა შენთან დაპირისპირება. ისიც მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ და მესმის, რომ რთულია მარტივად და სწრაფად შეიცვალო ღირებულებები, რომლებსაც ამდენი წელი უფრთხილდებოდი და ცდილობდი, ყველა შენი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება მათთან თანხვედრაში ყოფილიყო.

მჯერა, შენ რომ ჩემი ასაკის იყო, ზუსტად ისე გახვიდოდი აქციებზე უმცირესობების უფლებების დასაცავად, როგორც მე; ისე გააპროტესტებდი რუსეთთან დაახლოების მცდელობებს, როგორც მე. მე ვხედავ შენში პოტენციალს, იყო კარგი მოქალაქე და სწორი ადამიანი. იმის მიუხედავად, რომ საშინელ დროს მოგიწია ფეხის და ,,აზრის ადგმა“, მაინც მგონია, რომ ბოლომდე არ ამოისვარე იმ ტალახით, რაც შენს თაობას ჯერაც ვერ ჩამოუშორებია. მოახერხე არ ჩაჰყოლოდი შენს მეგობრებს იმ ჭაობში, საიდანაც ვეღარასდროს ამოვიდნენ. მე მიხარია, რომ შენ მათ არ გაჰყევი იმ გზაზე. ინტუიციით თუ გააზრებით მიხვდი, რომ იქ შენი ადგილი არ იყო, მაგრამ ახლა ორ სამყაროს შორის აღმოჩნდი გაჭედილი და მესმის, რომ ძალიან რთულია შენთვის. მესმის და ძალიან ვწუხვარ.

მე ვერ მოგთხოვ, ჩემთან ერთად იბრძოლო ქალების უფლებების ან უმცირესობების დასაცავად, მაგრამ მინდა გთხოვო, რომ თუკი შენი მხარდაჭერა დამჭირდება მე, როგორც შენს შვილს, ამ ბრძოლაში, არ დადგე იმ მხარეს, რომელსაც მე ვებრძვი. მინდა გჯეროდეს ჩემი, რომ არასდროს დავუჭერ მხარს იმას, რაც ცუდია ჩემთვის, შენთვის და კაცობრიობისთვის.

არც იმას გთხოვ, მოგწონდეს ჩემი ცხოვრების წესი და სრულიად იზიარებდე ჩემს ღირებულებებს. არ არის საჭირო მამას შვილი მოსწონდეს და შვილს მამა. მე როგორიც ვარ ეს არ არის შენი პასუხისმგებლობა. მე ავირჩიე ჩემი გზა. მე არ ვარ შენი სახე. თუ რამეს ცუდს გავაკეთებ, ეს მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა და თუ რამეს კარგს ვაკეთებ, ესეც ჩემი დამსახურებაა.

მე არ გთხოვ არც უპირობო სიყვარულს, თუმცა კი კარგი იქნებოდა. შენ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ, ამიტომ შეგიძლია ნებისმიერ დროს გამემიჯნო, თუკი რამეს შენთვის მიუღებელს გავაკეთებ... შეგიძლია არც მხარი დამიჭირო და ჩემ წინააღმდეგაც წახვიდე, მხოლოდ ერთი პირობით: არ გააკეთო ეს შენი ნათესავების, მეგობრებისა თუ მეზობლების გავლენით და იმის გამო, ,,ხალხი რას იტყვის“. არ გააკეთო ეს ,,პოსტ ტივის“, ,,იმედის“ ტელევიზიების ან იმ არასწორი ადამიანების პროპაგანდის გავლენით, რომლებიც ანადგურებენ იმ ქვეყნის მომავალს, რომელზეც შენ არაერთხელ გითქვამს, რომ გიყვარს. გთხოვ, არ გააზიარო შენს კედელზე იმ მავნე ადამიანების სიტყვით გამოსვლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არ მომინდეს.

გახსოვს, როგორი რეაქცია გქონდა, როცა ტატუ გავიკეთე? სულ გააფრინეო, ჩაილაპარაკე, მაგრამ მერე შემოხვედი და მითხარი, ისე, მეც მინდა რამე კარგი ტატუ და ამარჩევინეო.

როცა იგებ, რომ რომელიმე მორიგ აქციაზე მივდივარ, ხშირად მეუბნები, ნეტაი შენ, აფრენ და გიხარიაო, მაგრამ ტატუს შემთხვევისგან განსხვავებით, არ ბრუნდები და არ მეუბნები, ისე, მეც მინდა შენთან ერთად მანდ დგომაო. მე კი ყოველ ჯერზე, ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს დღემდე ველოდები, რომ ერთხელაც ჩემთან ერთად ,,გააფრენ“.

....

ძვირფასო მამა,

გთხოვ, გააფრინე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG