Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობის საქმეზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს


ფოტო: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობა
ფოტო: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ, ქვეითად პატრულირებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელარუსის მოქალაქე ტურისტებს თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არარსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა, რის შედეგადაც არავინ დაზიანებულა.

განცხადების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

შემთხვევის შესახებ ფეისბუკში ერთ-ერთმა ტურისტმა დაწერა, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება.

„ჯიგარ მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელარუსელი და რუსი ტურისტი, რომელსაც აბულინგებდა, ხელბორკილი დაადო და უთხრა - უიი გასაღები არ მქონიაო. შემდეგ დავარდნილი პომიდორის აღება უბრძანა, იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით. კარვებს შორის გაიარა ტყვიამ... ხალხო, შოკში ვარ! ყველა ფილმი რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე ახლაც კი თვალწინ მაქვს", - ასე იხსენებდა 28 მაისის ღამეს ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას ნანუკა ავალიანი.

ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ ფიროსმანიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მესაზღვრეების მიმართ მსგავსი პრეტენზია მანამდე არცერთ ტურისტს არ გამოუთქვამს.

XS
SM
MD
LG