Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის ოლქში ესროლეს მშვიდობიანი მოსახლეობის დროებითი განსახლების ცენტრს


ბელგოროდისკენ მიმავალი გზატკეცილი. ხარკოვი, 24 თებერვალი, 2023.
ბელგოროდისკენ მიმავალი გზატკეცილი. ხარკოვი, 24 თებერვალი, 2023.

ბელგოროდის ოლქში შებეკინოდან ევაკუირებული მშვიდობიანი მოსახლეობის დროებითი განსახლების ცენტრის დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

გუბერნატორმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დააკისრა პასუხისმგებლობა. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა მას არ დაუსახელებია. 112-ის არხი ტელეგრამში იუწყება, რომ დაიღუპა ერთი ადგილობრივი მცხოვრები, დაშავდა ორი.

ბოლო დროს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბვის შესახებ. იმ საზღვრისპირა რაიონებიდან, რომლებიც იბომბება, მოსახლეობა დროებითი განსახლების ცენტრებში გადაჰყავთ.

გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ადრე აცხადებდა, რომ მას ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ შებეკინოში. მან რეგიონში ვითარებას „ფაქტობრივად ომი“ უწოდა (როგორც წესი, რუსეთის ხელისუფლება ამ სიტყვას ერიდება უკრაინაში საომარი მოქმედებების აღწერისას) და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რეგიონში სხვადასხვა დროს შევიდა მინიმუმ ხუთი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი.

22 მაისს ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ჯავშანმანქანა შევიდა გრაივორონის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით. მათ სასაზღვრო საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს და გრაივორონის რაიონული ცენტრის მიმართულებით რამდენიმე სოფელი გაიარეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა რვა ადგილობრივი მცხოვრები, რომელთაგან ორი გარდაიცვალა. ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა და მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მეორე დღეს დივერსანტების ნაწილი განადგურდა, დანარჩენები კი „უკრაინის ტერიტორიაზე განდევნეს“.

რეიდისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“. ეს ქვედანაყოფები შედგება რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან. უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა ეს ინფორმაცია.

უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქები რეგულარულად იბომბება. რუსეთის ხელისუფლება ამაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. უკრაინული მხარე დაბომბვაზე კომენტარს არ აკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG