Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიც იძახდა, NATO-ს გულისთვის ჩვენ ომს დავიწყებთ, არ დავიხევთ უკან - გომელაური ღარიბაშვილის განცხადებაზე


შს მინისტრი ვახტანგ გომელაური
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გუშინ, 30 მაისს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა "სრული სიმართლე" ილაპარაკა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტსა და მსოფლიო ლიდერებსაც იგივე აქვთ ნათქვამი. ამის შესახებ მინისტრმა დღეს პოლიციის დღის ღონისძიებაზე განაცხადა ჟურნალისტებთან.

"ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუსმინე და ილაპარაკა სრული სიმართლე, ეს ახალი არ ყოფილა. მე მგონი, პირველად არ გაუჟღერებია, ბატონი ზელენსკიც იძახდა ამას, ნატოს გულისთვის ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკან. ეს ვითომ პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, ისეთი რაღაც შეფუთეს, სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს და გაიმეორა ბატონმა პრემიერმა. ახალი რა გაიგონეთ? ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც", - თქვა გომელაურმა და აღნიშნა ისიც, რომ საერთაშორისო პარტნიორები, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გააკრიტიკეს, "ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ" არიან ამოფარებული.

"საერთაშორისო პარტნიორებმა რა თქვეს, არ ვიცი, არ მიყურებია, ნამდვილად. საერთაშორისო პარტნიორები არიან ამოფარებული ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ, თუმცა ხშირად გვლანძღავენ ხოლმე".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.

დისკუსიის მოდერატორმა ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს?“, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„მგონი, რომ მიზეზი ყველამ იცის“.

ჟურნალისტი: „არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიცი“.

ღარიბაშვილი: „მგონი, რომ თქვენც კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა, არა? და ბევრი სხვა მიზეზი“.

ჟურნალისტი: „თქვენ თვლით, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკამ მოახდინა ომის პროვოცირება?“

ღარიბაშვილი: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს".

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG