Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისმაილ კადარეს „გახლეჩილი აპრილი“


ავტორი - თამარ მღებრიშვილი

აპრილიდან მკვდარაპრილამდე

„-ბერიშების ჯორჯმა ზეფ კრიუეჩუჩას ესროლა!

- რა მოგაქვთ? სიკვდილი თუ ჭრილობა?

პასუხი მოკლედ და მშრალად გაისმა:

-სიკვდილი.“

ონვერ ხოჯას თანამოქალაქე და მისი სასტიკი რეჟიმის პირობებში მოღვაწე კადარე მსოფლიომ საფრანგეთის დახმარებით გაიცნო. სწორედ იქ ითარგმნა მისი პირველი წიგნები და სწორედ საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში მწერალი 1990 წელს.

“გახლეჩილი აპრილი“ ისმაილ კადარეს ერთ-ერთი რომანია, რომელიც 1978 წელს გამოქვეყნდა. წიგნში ცენტრალური ბირთვი კადარეს მუდმივად განმეორებად საკითხს ეხება, იმას თუ როგორ მოქმედებს წარსული აწმყოზე. რომანის სიუჟეტური ქარგა სტუმართმოყვარეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, სისხლის აღების წესსა და შურისძიების საკითხს ეხმიანება.

რომანის მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვირდრმა, ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს - გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს.

ამავე დროს, ალბანეთის ზეგანზე ეტლით მოგზაურობს ქალაქელი ახალგაზრდა წყვილი, რომელიც თაფლობის თვეს ატარებს და თან მთის მკაცრ ადათ-წესებს შეისწავლის.

რომანში დავწრილებით და სრული სიზუსტითაა გადმოცემული კანუნის იდეა და შინაარსობრივი მხარე.

მკვლელობამდე ექვსი თვით ადრე, ჯორჯი თავის მსხვერპლს დაჭრის, ვერ შეძლებს მის მოკვლას, რაც კანუნის მიხედვით ჯარიმის გადახდას მოითხოვს, თუ ოჯახი ჯარიმის გადახდაზე უარს განაცხადებს, ჩაითვლება რომ მათ სისხლი სანახევროდ უკვე აიღეს.

კანუნის მიხედვით მკვლელი ვალდებული იყო მოკლული გულაღმა ამოებრუნებინა და თოფი თავთით დაედო, კანუნი ითვალისწინებდა იმ შოკსაც, რომელშიც მკვლელი შეიძლებოდა თავისივე მოქმედებებისგან ჩავარდნილიყო და ამიტომ ნებას რთავდა გამვლელებს, გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც მკვლელს არ შეეძლო.

ბესა - ეს არის ალბანელთა მორალური კოდექსის ერთ-ერთი ფუნდამენტური ცნება, ბესა მოიაზრებდა 24 საათიანსა და 30 დღიან დაზავებას, თუმცა სანამ მოკლულის ოჯახი ზავზე დათანხმდებოდა კრიუეჩუჩებს უფლება ჰქონდათ ბერიშების ოჯახის ნებისმიერ წევრზე ეძიათ შური.

რომანში გადმოცემულია კანუნის მთელი ალოგიკურობა, რომლის მიხედვითაც კანუნი მკვლელს ავალდებულებს არა მხოლოდ დაესწროს მოკლულის სამგლოვიარო ცერემონიას, არამედ მონაწილეობა მიიღოს გარდაცვლილის სულის მოსახსენებელ ქელეხშიც.

ჯორჯისთვის ეს ყველაფერი, ამგვარი წესები და კანუნის მოთხოვნები მიუღებელია, იგი სვამს შეკითხვებს, თუმცა ვერ ახერხებს შეწინააღმდეგებას, ჯორჯს არ ესმის, რომელი მორალური ან ზნეობრივი მდგომარეობა აძლევს უფლებას დაესწროს თავისსავე მოკლულის დასაფლავებას, ჯორჯი კანუნის დეფინიიცით ე.წ ჯაკია, ანუ მკვლელი, თუმცა ამას არ აქვს ის დამაკნინებელი კონოტაცია, რომელიც ზოგადად ახლავს ამ სიტყვას, რაკი ჯაკი თავის მოვალეობას ასრულებს კანუნის ან ადათების მიხედვით.

დასაფლავების შემდეგ ჯორჯს 30 დღიან ბესაზე დასთანხმდნენ, რაც 30 დღიან მშვიდ ცხოვრებას გულისხმობდა. ზავი 17 მარტს იწყებოდა და 17 აპრილს სრულდებოდა.

„17 მარტიო, უნებურად ჩაიჩურჩულა. 21 მარტი. 4 აპრილი. 11 აპრილი. 17 აპრილი. 18 მკვდარაპრილი. მერე, განუსაზღვრელი ვადით მკვდარაპრილი, მკვდარაპრილი და მაისი აღარ დადგება აღარასოდეს.“

კანუნის მიხედვით მოკლულის ოჯახში წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეკიდა პერანგი, რომელიც ჯორჯის ძმას ეცვა მკვლელობის დღეს. სისხლიანი პერანგი კულის სულ ზედა სართულზე ეკიდა და სისხლის აღებას ელოდებოდა. პერანგი ბარომეტრივით მიგვითითებს შურისძიების ჟამს და მისი საშუალებით გარდაცვლილი მიწის სიღმრიდან ნიშნებს გვიგზავნის.

სისხლის აღების შემდეგ მკვლელი ოროშის კოშკში მიდიოდა და ქისით ფულს ტოვებდა. კანუნის კანონები ხელშეუხებელი და მკაცრი იყო, აქ იყო ყველაფერი ყველაფრის შესახებ, უნდა აღინიშნოს, რომ მღვდლებს ვენდეტა არ ეხებოდათ. საძმოსა და კლანის საფლავებს შორის კი არ შეიძლებოდა უცხოს დასაფლავება.

საინტერესოა როგორ დაიწყო ყველაფერი... ავტორი გვიამბობს დიდი ხნის წინ დაწყებული ამბავის, სტუმართმოყვარეობისა და ძმადნაფიცობის წმინდა ტრადიციის შესახებაც.

ძირეული პრობლემის არსს ჯორჯი აცხადებს, როდესაც საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას: - თავისუფალი ვარ? აგონია, რომელიც ამ ყველაფრის მიმართ ეწყება პროტაგონისტს გაორებული ხედვაა, ხედვა, რომელსაც მისგან მოითხოვენ და მისი, პირადი დამოკიდებულება სისხლის აღების მიმართ. ერთი მხრივ, ის ცდილობს შუბლზე ღირსების ორი თითი იპოვოს, მეორე მხრივ კი, მისთვის გაუაზრებელი და ბუნდოვანია, რატომ შეიძლება მაინც და მაინც აქ იყოს ღირსება.

რაც შეეხება სტუმარმასპინძლობის თემას, „სტუმრის“ ფენომენი, ისევე როგორც ყველა დიდი ფენომენი, თავის ყველაზე დახვეწილ ასპექტებთან ერთად ერთ აბსურდულ ასპექტსაც შეიცავდა.

სტუმარს ღვთიური ყოვლისშემძლეობა აქვს მინიჭებული ალბანურ ციხე-სიმაგრეში, სტუმარს ნებისმიერი რამის ჩადენა შეუძლია, მათ შორის მკვლელობის და ამაზე პასუხისმგბელობას მასპინძელი იღებს.

„კანუნით დადგენილი იყო, რომ მამის სისხლის აღების გადადებაც შეიძლებოდა, ძმისაც და თვით საკუთარი შვილისაც, მაგრამ სტუმრისა - არასდროს.“

ალბანელის სახლი ღმერთის და სტუმრის საცხოვრებელია. ვიდრე სახლი პატრონისა გახდება, ის ჯერ სტუმრისაა. ალბანელის ცხოვრებაში სტუმარი უზენაესი ეთიკური კატეგორიაა, რომელიც სისხლისმიერ კავშირს აღემატება. ალბანელის თვალში სტუმარი ნახევრად ღმერთია.

სისხლის აღებსა და კანუნის შესახებ საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი ე.წ დამოუკიდებელი კომისიის არსებობა, რომელიც ერთი პირისგან შედგება, ეს ალი ბინაკია თავისი ორი თანაშემწით, რომელსაც მაშინ იწვევენ თუ საქმის მოგვარება და ბრალეულობის გარკვევა ვერ ხერხდება.

17 აპრილს ჯორჯის ბესა ამოიწურა, 17 აპრილს დატოვეს ზეგანი მწერალმა და მისმა მეუღლემ, როდესაც ჯორჯი სადროშოების გზაზე მიაბიჯებდა, რათა უკანასკნელად შეევლო თვალი დიანასათვის, მას კლავენ, კანუნის ძალა ადამიანურ ძალაზე იმარჯვებს, იმარჯვებს ჯორჯის სურვილსა და თავისუფლების წყურვილზე და გრძელდება სისხლის აღება, ასე დაუსრულებლად...

„ვინ იცის, საიდან მოდის მკვლელობის ბოლო მომენტში სიბრალულის გრძნობა?“ - წერს ისმაილ კადარე...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG