Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლეხობა ტეხავს


ავტორი: ამირან კაპანაძე

მრავალ სემინარს ვუწევდი ორგანიზებას ეკონომიკურ თავისუფლებასა და საკუთრების, როგორც თავისუფლების გარანტიის ფარგლებში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. თუმცა, ცენტრშიც და პერიფერიებშიც უბრალო, პატიოსან, მშრომელ, მიწათმოქმედ ადამიანებს სწორედ გლეხებად მოიხსენიებდნენ და არსად აღიქვამდნენ როგორც თავისუფალ, თვითგანვითარებად მეწარმეებად. რა თქმა უნდა ამ წერილის სათაურიც დიდი ვარაუდით სწორედ ამ ხალხის შეურაწყოფად იქნება აღქმული, მაშინ როდესაც სინამდვილეში ისინი თავისუფალი მოქალაქეები არიან და მათთვის გლეხების დაძახება უნდა იყოს სწორედ შეურაწმყოფელი.

რა თქმა უნდა სტუდენტების უმრავლესობას ჰქონდა შეხება მარტივ შიდა მეურნეობებთან, ან თავად იყვნენ მასში ჩართულები, ან უყურებდნენ თავიანთი ოჯახის წევრების მძიმე ჯაფას. იმაში ნამდვილად არაფერია სათაკილო, როდესაც ვინმე თავისი ოფლით ცდილობს ლუკმა პურის მოპოვებას და თავისი შთამომავლებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას. მაგრამ გლეხობა მაშინ ტეხავს, როდესაც ის მენტალური კომფორტის ზონად გადაიქცევა, სადაც ადამიანი თავს ზედმიწევნით პატიოსნად თვლის და გარშემო მყოფებს ყველას მტრებად აღიქვავს. როდესაც ის იმდენად წმინდა და შეუბღალავი ხდება, რომ ბინძურ პოლიტიკასთან საერთო აღარაფერი აქვს, ყველა მდიდარი და შეძლებული მისთვის უპატიოსნო და ამორალურად აღიქმება. როცა თავის ფიქრებში ამბობს რომ „გლეხი კაცითვინ არავინ არაა“, აბა რა ქნას?! „თვითონ პატარა კაცია, რასაც ჩასძახებენ იმავეს ამოსძახებს“, „ამ ქვეყანას მაინც არაფერი არ ეშველება“, „რა უნდოდა? ვერ იყო თავისთვის?! აჰყვა სისულელეებს და თავი დაიღუპა“, და ა.შ.

მოკლედ თავისუფალ საქართველოში დაბადებული და თავისი მშობლების კერძო მამულს მოსწრებული ადამიანი, თავს რატომღაც მაინც გლეხად თვლის, ჰგონია რომ მას არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმაზე რაც გარშემო ხდება. მშვიდად უყურებს თანამოქალაქეებს, რომლებმაც რატომღაც ხმა აიმაღლეს და რაღაც გააპროტესტეს. მისთვის ეს სეირია, რომელიც მალე სოციალურ ქსელში გადაინაცვლებს და იქაც იმ მლანძღველებს შეუერთდება, რომლებიც უკანასკნელი, უშვერი სიტყვებით შეამკობენ სამოქალაქო აქტივიზმის თუნდაც გაჭაჭანებას. ხო, ლანძღვა-გინება გლეხური სპორტია, თუ მაგისთვის არავინ მოგდებს ყბაში შეგიძლია სართულები დააშენო, ენაკვიმატობის საყოველთაო ორგიაში. თან, ამავდროულად თავი უპატიოსნეს ადამიანად უნდა წარმოიდგინო, რომელიც უწმინდეს ადათ-წესებს იცავს და იმათ ებრძვის ვინც უშნოდ გამოხტა საყოველთაო ბედნიერების მწყობრიდან და ქვეყნის არევ-დარევა სურს, თორემ აბა რა ბზიკი უკბენდა მთავრობას რომ ლანძღავს?! მოკლედ გლეხებს არ გააჩნიათ სოლიდარობის განცდა, ისინი თავს იმით იმართლებენ რომ უსუსურები არიან. ხოლო, ვისაც ნამდვილი ძალა აქვს მართავს იმით, რომ თუ ქვეშემრდომები ხმას აიმაღლებენ - არავინ გამოექომაგებათ. უფრო მეტიც, სწორედ თავიანთი ხელით ჩაქოლავენ მას, ვინც ყველასთვის სამართლიანობას მოითხოვს.

გლეხობა ტეხავს! იმიტომ, რომ მათ თვალწინ იტაცებდნენ ლეკები მეზობლის ბავშვებს, მაგრამ თავად პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული - მეც არ მომადგნენო, მიუხედავად იმისა რომ სწორედ მათი დუმილი ახალისებდა მსგავს დანაშაულს. კიდევ იმიტომ ტეხავს რომ ჯან-ღონით სავსე ადამიანები მონობას ბუნებრივად აღიქვავდნენ და საკუთარ თავს აჯერებდნენ ნაბოდვარს, თითქოს ღმერთმა სწორედ ასე დააწესა. კიდევ იმიტომაა ამაზრზენი, რომ ბატონის ყველა ავხორცობის ატანა უწევთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ბატონია ავხორცი და თავად პოლიტიკის ბინძურ საქმეში არ გაისვრის ხელს. კიდევ სულმდაბალია რადგან მოსისხლე მტერს თავჩაღუნული უნდა მიეგებოს, სტუმარი ღვთისააო დაუძახოს და თავი მხიარულად და უდარდელად მოაჩვენოს, ნამდვილი ეგზოტიკური აბორიგენივით მოიქცეს და ცეკვა-თამაში გაუმართოს. კიდევ როცა სამშობლოს წაართმევენ თავი უნდა იმართლოს იმით, რომ აბა ჩვენისთანა პატარა ერს სხვა რა გზა აქვს?! უნდა ადგეს და იმას მიეკედლოს ვინც ყველაზე ძლიერია. განა ბრძენს არ უთქვამს?! მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო?! ხო, მისი სავიზიტო ბარათი მორჩილება და შემგუებლობაა, ბრაზის და რისხვის ყლაპვა, რომელსაც მასზე ამოანთხევს ვისთანაც იცის რომ გაუვა.

ამ დროს ცოტა შეგნებული ადამიანი ალბათ მოკავშირეებს დაუწყებდა ძებნას, იმათ ვინც მას ჰგავს, ყელში რომ აქვთ ამოსული განუკითხაობა და სურთ რომ ქვეყანზე ნამდვილი წესრიგი და პატივისცემა მეფობდეს. ოღონდ პატივისცემა ორი ჩაფი ღვინის დაძალებაში არ აგვერიოს. პატივისცემაში გამოხატვის თავისუფლების, პირადი სივრცის, საკუთრების, ღირსების და სიცოცხლის ხელშეუხებლობა იგულისხმება. ამ დროს ალბათ დამნაშავის ძებნა საკუთარი თავიდან დაიწყებოდა, არა იმის დასაბრალებლად თუ სხვანი რას აკეთებენ რამეს უკეთურს. არამედ, თავად რას არ აკეთებს იმისთვის რომ უკეთურება თავს არ მოახვიონ. ხო, ამ უკანასკნელს მარტო კაცი ვერასდროს გასწვდება, მითუმეტეს გლეხი კაცი, ამას პასუხსიმგებლიანი მოქალაქეების მთელი ჯგუფი სჭირდება, რომელთაც ღირებულებები აერთიანებთ და ერთ მუშტად შეკრულნი იბრძვიან ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. მათ შემართებას მერე ვერანაირი უკმეხი შეძახილი ვერ ანელებს და ვერც ვერანაირი იარლიყის დაკერება ვერ გახდის საზოგადოებისგან გარიყულს, რადგან ერთობა ურთიერთ პატივისცემით არის შედუღაბებული.

უტოპიააო, იტყვის ძლიერი ამა ქვეყნისა და დაეთანხმება გლეხი კაციც, რადგან ისინი გარშემო მყოფებში მხოლოდ შეთქმულებს ხედავენ და გადარჩენის ერთადერთ სწორ გზად ხელსაყრელ მომენტში ერთმანეთზე თავდასხმას განიხილავენ. იქნებ სჯობდეს ყველა უბედურების სხვათა უმეცრებითა და უპატიოსნებებით გამართლება, ასე ხომ სამყარო ყველასთვის გასაგები: „მე ვარ კარგი და სხვები არიან ცუდები“ დარჩება და უნდობლობა იზეიმებს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. თან გლეხობა ხომ ასეთი სანუკვარია, როცა ერთადერთი უცოდველი დაიარები დუნიაზე და ელოდები როდის დაგინახავენ მაღლიდან ამ ანკარა წყაროსავით სპეტაკ კაცს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG