Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინმა გამოაქვეყნა "ვაგნერელების" მიერ "დატყვევებული" რუსი ოფიცრის ვიდეო


„ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი
„ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა ინტერნეტ-სივრცეში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, გამავრცელებლის თანახმად, ასახულია „ვაგნერის“ მიერ დატყვევებული რუსი ოფიცერი.

პირი, რომელიც თავს უწოდებს რუსეთის შეიარაღებული ძალების 72-ე ბრიგადის მეთაურს, პოდპოლკოვნიკ რომან ვენევიტინს, მისთვის კადრს მიღმა დასმული შეკითხვების პასუხად „აღიარებს“, რომ მთვრალმა, „პირადი მტრობის“ გამო დაცხრილა „ვაგნერის“ ავტომობილი, მანამდე კი, 10-12 სამხედროსთან ერთად, „ვაგნერის“ ჯგუფი განაიარაღა.

გამომძიებელი ჟურნალისტი, გამოცემა Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი ადასტურებს, რომ ვენევიტინი რუსეთის არმიის ოფიცერია.

ბოლო ხანს უკიდურესად გამწვავებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბთან პრიგოჟინის კონფლიქტი. „ვაგნერის“ დამფუძნებელი მინისტრ შოიგუს და გენშტაბის უფროს გერასიმოვს „რუსული მიწების“ ჩაბარებაში ადანაშაულებს და ანგარიშსწორებით ემუქრება.

2 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან გასვლისას „ვაგნერელებს“ რუსეთის არმიის სამხედროებმა გზები დაუნაღმეს თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ "ვაგნერმა" ბახმუტზე სრული კონტროლი დაამყარა, ქალაქს 1 ივნისამდე დატოვებენ და პოზიციებს გადასცემენ რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებს.

XS
SM
MD
LG