Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტებმა ქუთაისის აეროპორტთან მოსკოვიდან ფრენები გააპროტესტეს


აქცია ქუთაისის აეროპორტის წინ. 5 ივნისი, 2023 წელი
აქცია ქუთაისის აეროპორტის წინ. 5 ივნისი, 2023 წელი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ საპროტესტო გზავნილით, "წითელი ბარათი რუსულ კომპანიას". მათი ინფორმაციით, 5 ივნისს ქუთაისში რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა აქციის მიმდინარეობისას მათთვის ცნობილი გახდა, რომ რეისი არ შესრულდებოდა.

აქცია ქუთაისის აეროპორტთან. 5 ივნისი, 2023 წელი
აქცია ქუთაისის აეროპორტთან. 5 ივნისი, 2023 წელი

აეროპორტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ისინი ყოველ ჯერზე ადგილზე გააპროტესტებენ რუსეთიდან რეისის შესრულებას.

"Flightradar-ზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ 23:40 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო მოსკოვი-ქუთაისის რეისი. ნახევარ საათში დაორგანიზდა ის, რომ უამინდობის და არასახარბიელო დროის მიუხედავად, რამდენიმე ათეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი თუ სამოქალაქო აქტივისტი დავორგანიზდით და მოვედით აქ.

მიუხედავად იმისა, რომ, საბედნიეროდ, დღეს არ შესრულდა მოსკოვი-ქუთაისის რეისი, რამდენი გაჩნდება მსგავსი ინფორმაცია, ჩვენ შევიკრიბებით აქ", - ამბობს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი თევდორაძე.

რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეისების შესასრულებლად ნებართვა 2 ივნისიდან მისცა.

როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას უთხრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში, ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების დაწყებას 16 ივნისიდან გეგმავს. ცნობილია, რომ კვირაში 3 რეისი შესრულდება.

თბილისი აცხადებს, რომ ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არ არის. თუმცა 2021 წელს უკრაინამ Red Wings-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ანექსირებული ყირიმის მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

XS
SM
MD
LG