Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უარყოფს კახოვკის ჰესზე თავდასხმასთან კავშირს


დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

კახოვკის ჰესის ნგრევას დაგეგმილ დივერსიას უწოდებენ კრემლში და უარყოფენ მომხდართან რუსი სამხედროების კავშირს.

მანამდე საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კაშხლის ნგრევა უკავშირდება რეგულარულ სროლას კახოვკის ჰესის მისამართით. დივერსიის ბრალდება რუსეთის წარმომადგნლებს აქამდე არ დაუსახელებიათ.

ჩვენ შეგვიძლია მათი [ბრალდებები] გადაჭრით უარვყოთ, ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ აქ ერთმნიშვნელოვნად საუბარია უკრაინული მხარის წინასწარგანზრახულ დივერსიაზე, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა კიევიდან, კიევის რეჟიმის ბრძანებით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

მომხდარზე რუსეთმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა, უკრაინამ კი - ომის კანონების დარღვევისა და ეკოციდის მუხლით.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰესი "რუსი ოკუპანტების მიერ დაინაღმა და მათვე ააფეთქეს".

ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, დღეს დილით გაავრცელა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ. ჰესი მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

ჰესის ნგრევის შედეგად წყლის დონის მომატების და უკონტროლო დინებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ხერსონის ოლქის ორივე ნაწილიდან. სახიფათო ზონა 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG