ავტორი: მიკი მეტრეველი
სოფელი ძეგვი მცხეთიდან დაშორებულია 9 კილომეტრით, თბილისიდან - 33 კილომეტრით, ხოლო ტოკიოდან - 7855 კილომეტრით, ანუ ახლგაზრდა ძეგველმა ბიჭმა, სპორტსმენმა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა ლევან გორგაძემ ზღაპრის გმირივით ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადალახა, რათა წარმატებისთვის მიეღწია, ქართული ხასიათი და ჩვენი საქართველო მთელი იაპონიისთვის გაეცნო.
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა, ეს 2018 წლის იანვარში იმპერატორის თასის მოპოვებით მოახერხა. მას იაპონიაში თასის მოპოვებამდეც იცნობდნენ, იცნობდნენ ქართველი თუ უცხოელი სუმოსმოყვარულებიც, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ, ძლიერ, მებრძოლ და პერსპექტიულ სუმოტორს, რომელმაც შეიძლება ერთ დღესაც იმპერატორის თასი აღმართოს. ეს ერთი დღე ტოჩინოშინისთვის 2018 წლის იანვარში დადგა, როცა ტოკიოში გამართული წლის პირველი ტურნირი - ჰაცუ ბაშო 14 გამარჯვებითა და 1 მარცხით დაასრულა და საიმპერატორო თასი დაისაკუთრა. იმავე წლის მაისში კი ოფიციალურად მიენიჭა ოძეკის („ჩემპიონის“) წოდება.
ქართველები, ცოტა არ იყოს, უცნაური ხალხი ვართ: ჯერ იყო და NBA-ის („ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია“) საკუთარი წესები შევაცვლევინეთ, კინაღამ ვათამაშეთ რა ზაზა ფაჩულია ALL STAR-ის („ყველა ვარსკვლავის“) მატჩში, ტოჩინოშინის მიერ იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ კი სუმომანიის ნამდვილმა ტალღამ გადაგვიარა. მთელი ქვეყანა ტოჩინოშინზე, იმპერატორის თასზე, იაპონიაზე, საკურაზე, იუკიო მიშიმაზე ლაპარაკობდა; ჩვენთვის ახლობელი გახდა სუმოს ტერმინები: შიკონა (სუმოტორის საბრძოლო მეტსახელი), რიკიში (სუმოს მოჭიდავე), ბანძუკე (სუმოისტთა რეიტინგი და სია), მაეგაშირა (სუმოს უმაღლესი დივიზიონის რიგითი წარმომადგენელი), სანიაკუ (სუმოტორთა უმაღლესი ჯგუფი, რომელიც კომუსუბის, სეკივაკესა და ოძეკის წოდებებს აერთიანებს), იოკოძუნა („დიდი ჩემპიონი“), დოჰიო (საბრძოლო „რინგი“), ჰენკა (მოწინააღმდეგის შეტევისთვის თავის არიდება გვერდზე გაწევით), კაჩიკოში (დადებითი ბალანსი (როცა სუმოისტი ერთი ტურნირის განმავლობაში მარცხზე მეტ გამარჯვებას აგროვებს), რომელიც რეიტინგში დაწინაურებას იწვევს), მაკეკოში (უარყოფითი ბალანსი, რომელიც იწვევს სუმოტორის რეიტინგში დაქვეითებას), კიუჯო (ტურნირის გამოტოვება ტრავმის გამო), მაკუუჩი (უმაღლესი დივიზიონი სუმოში), იორიკირი (გამარჯვების ერთ-ერთი ხერხი)... ისე ვახსენებდით სხვა სუმოტორთა სახელებს, იქნებოდა ეს: ჰაკუჰო, ტერუნოფუჯი, ტამავაში, ენდო, ტაკაიასუ თუ სხვა, თითქოს ჩვენი მეზობლები ყოფილიყვნენ. ტოჩინოშინიც ტოჩინოშვილად მოვაქართულეთ. სუმოზე წიგნიც კი გამოვიდა, რომელიც სუმოს ანა-ბანას გვაცნობს და მასთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს.
ტოჩინოშინი იაპონურად „გულს“ ნიშნავს, თითქოს იაპონელებმა თავიდანვე შენიშნეს ლევან გორგაძის ქართული გულიანობა. გული იყო, ტოჩინოშინი, არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამდენი ხნის განმალობაში სუმოს უმაღლეს საფეხურზე რომ გააჩერა. ამ გულს ვხედავდით ჩვენც და გვიხაროდა, გვეამაყებოდა რომ ტოჩინოშინი ჩვენი თანამემამულე იყო. ყველაფერს აქვს დასასრული და ტოჩინოშინის პროფესიული გზაც დიდ სუმოში დასრულდა. ზღაპრის გმირები დიდი თავგადასავლის, გრძელი გზის მოვლის შემდეგ სახლში ბრუნდებიან. არ ვიცი, ლევან გორგაძე თუ დაბრუნდება საქართველოში, იაპონია ხომ მისი მეორე სამშობლოა, მაგრამ მჯერა, რომ მისი გულიდან ძეგვი, მტკვრის ჭალები და ყველაფერი ქართული არასდროს ამოიშლება. ქართული სპორტის ისტორიაში კი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინის სახელი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. მინდა ეს პატარა წერილი სამადლობელი იყოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტოჩინოშინმა იაპონიის იმპერატორის თასი მოიპოვა, არამედ იმიტომ, რომ დაიჯერა საკუთარი თავისა და სხვებსაც, მომავალ თაობას, დაანახა, რომ მცხეთიდან ტოკიომდე, საქართველოდან იაპონიამდე არცთუ ისე შორია.