Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციოს უვადო მოსამართლემ, შოთა გეწაძემ, თანამდებობა დატოვა


შოთა გეწაძე
შოთა გეწაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე შოთა გეწაძემ, რომელიც ამ სისტემაში 21 წლის ასაკიდან მუშაობდა, თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება 2 ივნისს მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია არის პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება.

ინფორმაცია ყოფილი უვადო მოსამართლის შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლო გუშაგმა" გაავრცელა. ეს ფაქტი შოთა გეწაძემ დაუდასტურა რადიო თავისუფლებასაც.

შოთა გეწაძეს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშვნა სურდა - 2019 წელს პარლამენტში გასაუბრების დროს მან თქვა, რომ "სასამართლო სისტემა დიდწილად თავისუფალია... მე მჭირდება, ქვეყანას სჭირდება უფრო მეტი პროგრესი, უფრო თავისუფალი სასამართლო... იყო გარკვეული მცდელობა პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე, მადლობა ღმერთს, ეს დასრულდა".

მოსამართლის ბიოგრაფია:

  • 2003-2005 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი;
  • 2005-2006 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე;
  • 2006 წელს იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტი;
  • 2006-2007 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსი;
  • 2007-2009 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი;
  • 2011- 2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • 2011-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე;
  • 2014 წელს იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
  • 2014-2016 წლებში იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის წევრი;
  • 2015 წლიდან იყო ლტოლვილთა სამართლის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი;
  • 2015 წლის დეკემბრიდან იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • 2016 წლიდან იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
  • 2018 წლიდან არის თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
XS
SM
MD
LG