Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოცენტრის თანამშრომლები ითხოვენ, შეწყდეს რეორგანიზაცია კონკურსის გზით დირექტორის დანიშვნამდე


გამოფენა ქართული კინოს 110-ე წლისთავთან დაკავშირებით - 3 ივლისი, 2018 წელი
გამოფენა ქართული კინოს 110-ე წლისთავთან დაკავშირებით - 3 ივლისი, 2018 წელი

ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები განცხადებით ეხმაურებიან ცენტრში ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას და რეორგანიზაციის გამოცხადებას და სამინისტროს მოთხოვნებს უყენებენ. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრში მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი არის კინოს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქცევის მცდელობა.

„დღეს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკა ტარდება, რომლითაც სამინისტრო ცდილობს, დაიქვემდებაროს ამ დრომდე დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მისი გავლით თავად ერთპიროვნულად განსაზღვროს ინდუსტრიის მიზნები და პროცესები.

კვირას, 10 ივნისს სამინისტროს მიერ დანიშნულმა დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ გამოაცხადა სრულიად ბუნდოვანი რეორგანიზაცია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მისი პირველი ნაბიჯი კი აღმოჩნდა დირექტორის მოადგილეების შტატის გაუქმება.

აღნიშნული რეორგანიზაცია აღიქმება პირდაპირ მცდელობად, მოექცეს კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ და კინოცენტრის ხელთ არსებული ბერკეტი მიმართოს სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისაკენ.

მოვითხოვთ გატარდეს შემდეგი ნაბიჯები, რათა თავიდან ავიცილოთ შეუქცევადი პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს სფეროსა და სფეროს წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კინოცენტრის თანამშრომლები სამინისტროსგან ითხოვენ:

  • კონკურსის გზით დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა გაავრცელეს ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს. რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ - ეს წერილი 5 ივნისს კინოცენტრის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. გვერდის ადმინისტრირების უფლება ჩამოერთვათ მოქმედ თანამშრომლებს.

კინოცენტრი პირველი სახელოვნებო დაწესებულება არ არის, სადაც თანამშრომლები ფიქრობენ, რომ რეორგანიზაცია მინისტრისთვის არასასურველი კადრების გათავისუფლების მიზეზით ხორციელდება. მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, რეორგანიზაციის პროცესში ეროვნული მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ასამდე ადამიანი გათავისუფლდა. გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნაწილი სამართლებრივ დავაშია ჩართული სახელმწიფოსთან და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობას ითხოვს.

XS
SM
MD
LG