Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის ბრალეულობას განიხილავენ "7 ნოემბრის საქმეში"


10 ნოემბერი, თბილისის საქალაქო სასამართლოში "7 ნოემბრის საქმის" განხილვა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის გარეშე
10 ნოემბერი, თბილისის საქალაქო სასამართლოში "7 ნოემბრის საქმის" განხილვა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის გარეშე

1 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის  პატიმრობის 40 დღის შემდეგ მისი პირველი სასამართლო სხდომა დღეს, 10 ნოემბერს გაიმართა, რომელსაც თავად არ დასწრებია. საქალაქო სასამართლოში 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს მის ბრალეულობას „7 ნოემბრის საქმეში”. 

პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილის პროცესზე გადაყვანაზე ორი საბაბით თქვა უარი - „მოსალოდნელი დესტრუქციული” პროვოკაციების საფრთხისა და მისი დასუსტებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

მოსამართლეებმა ნინო ელეიშვილმა, ლია ორკოდაშვილმა და მაია ქოქიაშვილმა პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის სასამართლოს სხდომათა დარბაზში გადაყვანა მოსთხოვეს, რითაც ერთგვარი წინააღმდეგობა გაუწიეს იუსტიციის მინისტრის სურვილს, სააკაშვილის სასამართლო პროცესი ციხეში გამართულიყო. ამის მიუხედავად, 10 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე სააკაშვილის დაცვამ კოლეგია უსამართლობასა და გულგრილობაში დაადანაშაულა და მოსამართლეების აცილება მოითხოვა.

„თქვენ მიყვებით ხელისუფლების გენერალურ ხაზს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს სასამართლოზე დასწრების უფლება, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს ტელეფონზე დარეკვის შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ იმ კრიმინალებში, რომელიც მან დაამარცხა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილით უნდა მოკვდეს. აი, ამ ხაზს მიყვებით თქვენ. ეს ხაზი, საბოლოო ჯამში, გამარჯვება-დამარცხებასთან კი არ მიგვიყვანს, ეს ხაზი ადამიანურ ზღვარზე გადის.

გავა ხვალინდელი დღე, ერთი კვირა, ერთი წელი, სამი წელი, ეს მოვლენები აღარ იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ თქვენ თავთან როცა დარჩებით, მოგიწევთ დაფიქრება იმაზე, რომ გქონდათ კანონიერი საშუალება, მიხეილ სააკაშვილისთვის მიგეცათ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება და არ მიეცით“, - უთხრა დღეს მოსამართლეებს სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ.

ვინ არიან კოლეგიის წევრი მოსამართლეები?

კოლეგიაში შემავალი სამივე მოსამართლე გამწესებულია უვადოდ. „კლანის წევრთა” ჩამონათვალში, რომელიც სხვადასხვა პუბლიკაციასა და ანგარიშში გვხვდება, მათ გვარებს ვერ ამოიკითხავთ, თუმცა უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა მიუკერძოებლობის შეფასებას თან სდევს კითხვები და ეჭვები, რა დამსახურებისთვის ან რა მიზნით აძლევს „კლანი” ამ პრივილეგიას ამა თუ იმ მოსამართლეს.

კოლეგიის წევრთა შორის ყველაზე დიდი სამოსამართლო სტაჟი ლია ორკოდაშვილს აქვს. ის 1998 წლიდან არის მოსამართლე - 2005 წლამდე თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა. 2005-2009 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ლია ორკოდაშვილის მიერ ბოლო წლებში განხილული გახმაურებული საქმეებია:

  • სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმე - მისი გადაწყვეტილებით სხდომები ამ საქმეზე ღია იყო საზოგადოებისთვის. ილია ჯიშკარიანს, ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატს, მისი თანამშრომელი თამთა თოდაძე სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.
  • სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას საქმე - მისი გადაწყვეტილებით წულაია პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კოლეგიის თავმჯდომარე ნინო ელეიშვილია - მოსამართლედ უვადოდ 2019 წელს დაინიშნა. მისი საქმეებიდან ცნობილია, რომ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ იგი მისი საქმის ერთ ეპიზოდს განიხილავდა.

კოლეგიის მესამე წევრი, რომლის შესახებაც ასევე მწირი ცნობები მოიპოვება ღია წყაროებში, მაია ქოქიაშვილია. ის მოსამართლეა 2015 წლიდან. ამ წელს ქოქიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

მის მიერ განხილულ გახმაურებულ საქმეებს შორის არის კლინიკა „ლანცეტის” დირექტორის, ფარმან ჯერანლის საქმე. ეს საქმე კლინიკა „ლანცეტში” 2016 წელს ჩატარებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ორ ოპერაციას შეეხებოდა, რომლებსაც პაციენტების სიცოცხლე ემსხვერპლა - მაია ქოქიაშვილმა კლინიკის დირექტორი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, პირდაპირ ეთერში მიეცა მედიასაშუალებებისთვის ტრანსლაციის შესაძლებლობა და ამის გამო საქართველოში 9 წლის შემდეგ დაბრუნებული და არაერთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის პირველ სასამართლო სხდომას მისი პატიმრობის განმავლობაში, საზოგადოება ერთ-ერთი ადვოკატის პირადი ტელეფონიდან ტრანსლირებული ფეისბუკლაივის საშუალებით უყურებდა.

კონკრეტულად რა დანაშაულს ედავება ამ საქმეზე გამოძიება მიხეილ სააკაშვილს?

„7 ნოემბრის საქმეს” სამი მოსამართლე იმ მიზეზით იხილავს, რომ ის მოცულობითი და რთულია. ამ საქმეს ათობით ტომი აქვს და იმის მიუხედავად, რომ წლებია განიხილება, სასამართლო კვლავ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. ამ საქმეზე სასამართლო პროცესებს, როგორც სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვებს, წლების განმავლობაში აკვირდებოდა ადამიანის უფლებათა ცენტრი.

„7 ნოემბრის საქმე” ამ დღეს მიტინგის დარბევას, „იმედში” შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას” აერთიანებს. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ საქმეში ბრალდებულები არიან სხვა მაღალჩინოსნები: გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. მათ ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.

„7 ნოემბრის საქმე“ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბრალი წარედგინა. ამ საქმეზე პროკურატურამ მას ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.

საქალაქო სასამართლოს ეზო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მსვლელობისას
საქალაქო სასამართლოს ეზო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მსვლელობისას

„ერთადერთი მოწმე, რომელიც 7 ნოემბრის მომიტინგეების დაშლაზე, რუსთაველზე ჯარის გამოყვანაზე, "ტელეიმედში" სამართალდამცავების შესვლასა და მის ჩამორთმევაზე, პატარკაციშვილისთვის სხვა ქონების ჩამორთმევაზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის აკისრებს, არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამავდროულად 7 ნოემბრის მოვლენების უშუალო მონაწილეა.

სააკაშვილის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილ იქნა 2014 წლის 28 ივლისს, 13 საათსა და 00 წუთზე. ნინო ბურჯანაძე მოწმის სახით პირველად დაიკითხა 2014 წლის 28 ივლისს 15 საათსა და 50 წუთზე (დაკითხვის დაწყების დრო), ხოლო განმეორებით იგი დაიკითხა 2014 წლის 31 ივლისს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბურჯანაძე დაკითხულია სააკაშვილის ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ ბურჯანაძის დაკითხვამდე მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არსებობდა ბრალის წაყენებისათვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ამდენად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა პირისათვის დაუსაბუთებელი ბრალდების წაყენების შემდეგ ცდილობდა მის დასაბუთებას”, - ეს არის 2015 წელს გაკეთებული საქმის შეფასება, რომელსაც ვხვდებით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.

რა მოხდა 10 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე?

10 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლეებმა მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე გააუქმეს მისთვის აღკვეთის ფორმად შეფარდებული პატიმრობა, თუმცა, იმის გამო, რომ სააკაშვილი კიდევ ორ სხვა სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული, ძალაში რჩება მისთვის თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

როდესაც სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა, თქვა, რომ ის ბევრი წელია იცნობს სამივე მოსამართლეს და თუკი ვინმეს შეიძლება ერქვას ამ სისტემაში სანდო და მიუკერძოებელი, მათგან ერთ-ერთი, ლია ორკოდაშვილია. ბასილაიამ აღნიშნა ისიც, რომ მას არც დანარჩენ ორ მოსამართლესთან ჰქონია ამ დრომდე პრეტენზიები და პატივს სცემდა მათ პროფესიონალიზმს, თუმცა ის, რომ მათ არასაკმარისი გააკეთეს სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადასაყვანად, უჩენს ეჭვს, რომ მოსამართლეები ან ხელისუფლების წნეხის ქვეშ არიან, ან კორუფციული გარიგების სანაცვლოდ იქცევიან ასე.

„მე ნამდვილად ვიცნობ მოსამართლე ნინო ელიეშვილს, მოსამართლე ლია ორკოდაშვილს და მოსამართლე მაია ქოქიაშვილს და მე ვერ წარმომიდგენია, სწორედაც რომ თქვენი განვლილი გზის გათვალისწინებით, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, ეს გაგეკეთებინათ ნებისმიერ სხვა საქმეზე”, - თქვა ბექა ბასილაიამ.

„ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, თქვენ ფულს იღებთო. სულ სხვანაირად იქცეოდა პროცესებზე და ახლა დამსწრე საზოგადოების წინაშე სულ სხვანაირად იქცევა. გული მწყდება როგორც ადამიანს და არა როგორც მოსამართლეს“, - თქვა მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა სასამართლო პროცესზევე ბექა ბასილაიას პასუხად.

„7 ნოემბრის საქმეზე” მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG