Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

LIGA.net-ი: ერმაკი-მაკფოლის ჯგუფის ცნობით, რუსული რაკეტების კომპონენტების 81% ამერიკულია


საილუსტრაციო ფოტო. კრივოი-როგში რუსული რაკეტით 13 ივნისს განადგურებული სახლი
საილუსტრაციო ფოტო. კრივოი-როგში რუსული რაკეტით 13 ივნისს განადგურებული სახლი

რუსეთის მიერ რაკეტების წარმოებისთვის გამოყენებული ელექტრონული კომპონენტების 81% აშშ-შია დამზადებული. ამის შესახებ საუბარია ერმაკი-მაკფოლის ჯგუფის ახალ დოკუმენტში, რომელიც უკრაინულმა გამოცემა LIGA.net-მა მოიპოვა. დოკუმენტის თანახმად, რუსული რაკეტების კომპონენტების 8% შვეიცარიაშია წარმოებული და 3,5-3,5% - გერმანიასა და იაპონიაში.

ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ, რუსეთის და ბელარუსის საწინააღმდეგო სანქციების სტრატეგიაზე მუშაობს და მათი აღსრულების ეფექტიანობას აკვირდება.

უკრაინული გამოცემა ერმაკი-მაკფოლის ჯგუფის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ Х-101 ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტების შემადგენლობაშია უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული სულ მცირე 53 ელექტრონული კომპონენტი, მათ შორის მიკროსქემები და ჩიპები. დასახელებულია კონკრეტული კომპანიებიც. მაგალითად, ამერიკული Vicor-ი, Intel Corporation-ი, Texas Instruments-ი და შვეიცარიული STMicroelectronics-ი. უცხოური წარმოების კომპონენტებია რუსულ რაკეტებშიც „კალიბრი“ და „ტორნადო“.

13 და 14 ივნისს, კრივოი-როგსა და ოდესაში, სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შემდეგ, რომლებსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსულ რაკეტებში უცხოეთში წარმოებული კომპონენტებია.

კერძოდ, ერმაკის ინფორმაციით, რაკეტა Х-101, რომელიც კრივოი-როგში, სახლს მოხვდა, 2023 წლის აპრილში იყო გამოშვებული და შეიცავდა თავისუფალი სამყაროს ქვეყნებში წარმოებულ 50-მდე კომპონენტს, რომლებიც რუსეთში სხვადასხვა გზით ხვდება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი სარგებლობს არსებული შეზღუდვების ხარვეზებით და საერთაშორისო სანქციებს თავს არიდებს მესამე ქვეყნების მეშვეობით.

XS
SM
MD
LG