Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ და აზერბაიჯანმა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის განხილვა დაგეგმეს


დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი
დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი

19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ, ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში.

საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.
მხარეებმა აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული წვლილი და თანამშრომლობის მნიშვნელობა“.

აზერბაიჯანულმა ვებსაიტმა, haqqin.az-მა, შეხვედრის გამართვამდე გამოაქვეყნა ცნობა, რომ დაგეგმილი იყო თბილისთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის განხილვა.

„ამ საკითხების პირდაპირი ფორმალური განხილვა არ იქნება, მაგრამ არაფორმალურად ჩვენ შევხედავთ ამ საკითხებს, მოსაზრებებს გავცვლით და, რა თქმა უნდა, გავცვლით აზრებს კომისიის მუშაობის გაგრძელების თემაზე“, - თქვა შეხვედრაზე ხალაფ ხალაფოვმა.

საქართველოს და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა.

დავითგარეჯთან ვითარება არაერთხელ დაიძაბა 2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. ქართველმა სასულიერო და სამოქალაქო პირებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო.

2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

  • სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს საზიანოდ საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების მცდელობის ბრალდებით 2020 წლის აგვისტოში დაიწყო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე.
  • გამოძიების დაწყებიდან 2 თვეში და საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ბრალდებას მათ წინააღმდეგ მთავარ მკიცებულებებად აქვს რუსეთის არქივებიდან ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკები და გარეჯელი ბერის, არქიმანდრიტ კირიონის ჩვენება.
  • ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარეს და 2021 წლის 28 იანვარს ოც-ოც ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოქალაქეებმა ეს თანხა რამდენიმე საათში შეაგროვეს.
  • 2021 წლის 2 მარტს სახალხო დამცველმა ამ საქმეში ევროპის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, პოლიტიკური მოტივის არსებობა დაადგინა.

XS
SM
MD
LG