Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქდოკ ფილმი" კობახიძის განცხადებას კინოს ცენზურისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს


კადრი სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმიდან „მოთვინიერება"
კადრი სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმიდან „მოთვინიერება"

კომპანია „საქდოკ ფილმი", რომელიც სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების", ერთ-ერთი მწარმოებელია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას კინოს ცენზურისკენ მიმართულს უწოდებს.

"ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა. მე ასე ვხედავ - როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერ ექნება ვერანაირი გამართლება... კინოცენტრი ხომ ხელისუფლების მიერ კომპლექტდება, [მხოლოდ] ამ მხრივ ერევა კინოცენტრის საქმიანობაში ხელისუფლება. მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული, სწორი შინაარსის [იყოს]. კრიტიკულიც შეიძლება იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს, რა თქმა უნდა, გაუგებარია", - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 19 ივნისს.

„საქდოკ ფილმის" განცხადებით, „ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადება მიმართულია თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან კინოსა (და სხვა სახელოვნებო დარგების) ცენზურისკენ და წარმოადგენს თავდასხმას რიგით მოქალაქეზე - ფილმის ავტორზე".

„მოთვინიერების" (რეჟ. სალომე ჯაში) პრემიერა შედგა 2021 წელს სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის გარდა, ფილმი დაფინანსებულია შვეიცარიული და გერმანული საზოგადოებრივი ფონდების, "ევრიმაჟის", Arte-სა და სხვა ევროპული ინსტიტუციების მიერ. ფილმი შვეიცარიულ-გერმანულ-ქართულ კოპროდუქციას წარმოადგენს.

სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზეა, სადაც ხეები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ადგილიდან არის მიტანილი და ჩარგული.

ამ ფილმთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს. როგორც კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაგა ჩხაიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში უთხრა რადიო თავისუფლებას, თეა წულუკიანს არ მოსწონდა ის, რომ დენდროლოგიური პარკი ამ ფილმში ბიძინა ივანიშვილის პირად ბაღად არის დახატული.

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში გადაღებული ფილმების შინაარსი წინა ხელისუფლების დროს კონტროლდებოდა და ახლა - აღარ. ამ საკითხზე მან ლაპარაკი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები უკავშირდებოდა თუ არა ფილმ "მოთვინიერებას", რომელიც აღწერს პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობის პროცესს.

ერთი მხრივ, კობახიძე ამბობს, რომ ფილმების შინაარსი აღარ კონტროლდება, მეორე მხრივ კი აღნიშნავს, რომ მსგავსი "სამარცხვინო შინაარსის" ფილმი არ უნდა დაფინანსდეს.

"თვითონ ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ სამარცხვინოა. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ ეს სამარცხვინოა, რაც გადაიღო კინოცენტრის დაფინანსებით კონკრეტულმა რეჟისორმა. ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული იმ პარკის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს... ამ ფაქტზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ სამარცხვინოა... მაინცდამაინც სამარცხვინო ფილმი უნდა დააფინანსოს?!" - თქვა კობახიძემ.

ამ განცხადებას წინ უძღვის საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაცია. კულტურის სამინისტრომ გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, მას შემდეგ, რაც თანამშრომლების ნაწილმა კრიტიკული ფეისბუკპოსტები გამოაქვეყნა. კინოცენტრის ვებსაიტზე მცირე ხნით გამოქვეყნებული იყო განცხადებაც, რომელშიც თანამშრომლები ითხოვდნენ კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია (რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებში მუშაობდა), კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი - "პოსტივის" წამყვანი ბაჩო ოდიშარია. "პოსტივის" 52 პროცენტის მფლობელი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძეა.

XS
SM
MD
LG