თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად, სარჩოს სახით, 1155 ლარის გადახდა დააკისრა. მის უფლებებს იცავდა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც დაშავებულის ინტერესების გათვალისწინებით, არ ასახელებს მის სახელსა და გვარს.
"მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის დარბევისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მოხვდა მას რეზინის ტყვია თვალ-წარბის არეში. მხედველობის დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწევს მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.
საიას ინფორმაციით, სასამართლომ გადაწყვეტილება 2,5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო, თუმცა კანონიერ ძალაში შესული ჯერ არ არის:
"ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი... იმედს გამოვთქვამთ, მოსარჩელის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება და მოსარჩელე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას".
საია აღნიშნავს, რომ მათი დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მათ შორის არიან ჟურნალისტები, შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.