Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში იწყება საერთაშორისო კონფერენცია ომით დაზარალებული უკრაინის აღსადგენად


საილუსტრაციო ფოტო. ომის შედეგად განადგურებული შენობები უკრაინის ქალაქ კრამატორსკში
საილუსტრაციო ფოტო. ომის შედეგად განადგურებული შენობები უკრაინის ქალაქ კრამატორსკში

დღეს ლონდონში იწყება საერთაშორისო კონფერენცია(Ukraine Recovery Conference), რომლის მიზანია ფინანსური რესურსების მობილიზაცია ომით დაზარალებული უკრაინის აღსადგენად.

2-დღიან კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის და უკრაინის პრემიერ-მინისტრები, რიში სუნაკი და დენის შმიჰალი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა მაღალჩინოსნები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან. ასევე, 38 სახელმწიფოს 400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები. გაფორმდება დეკლარაცია ომის შემდეგ უკრაინის ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერის შესახებ. კონფერენციას ონლაინ მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წინასწარ გამოაქვეყნა კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის გამოსვლის ტექსტის ნაწილი. სუნაკი ბახმუტს და მარიუპოლს ასახელებს იმის მაგალითებად, რომ რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რისი წართმევაც უჭირს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ომის გამო, შარშან უკრაინის ეკონომიკა 29%-ით შემცირდა.

ლონდონი იძლევა საკრედიტო გარანტიას, რომ მსოფლიო ბანკი გასცემს 3 მილიარდ დოლარს, რომელიც უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის სკოლების და საავადმყოფოების მუშაობას უნდა მოხმარდეს. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი საკუთარი საინვესტიციო სააგენტოს მეშვეობით, უკრაინას დაეხმარება 250 მილიონი გირვანქა სტერლინგით.

20 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაქვეყნა ახალი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 2024-2027 წლებში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევას.

მსოფლიო ბანკის მიერ 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული შეფასებით, უკრაინის მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კიევი აკონტროლებს, ომით გამოწვეული ზარალი 400 მილიარდ ევროს აჭარბებდა.

XS
SM
MD
LG